“მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულიად ლოგიკური” – გიორგი გახარია

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“გაურკვეველია ერთი არგუმენტი მაინც რა უნდა ყოფილიყო მთავრობაში ცვლილებების მომხრედ, მაშინ, როდესაც მთავრობა ეფექტურად მუშაობს და ვართ საკმაოდ მძიმე კრიზისში” – ასე ახსნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, მძიმე კრიზისის პერიოდში მთავრობაში დაწყებული რეფორმები “არის ბოლომდე მისაყვანი, ლოგიკურ დასასრულამდე”. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ მთავარი ახლა აღებული ვალდებულებების შესრულებაა და არა მთავრობის ცვლილებები.

“მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან. „კრიტიკული მიმართულებების თვალსაზრისით, ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს. ეს ერთი. მეორე – ბევრი მიმართულებით მთავრობაში დაწყებულია სისტემური რეფორმები. ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაწყებულია ბევრი პროექტი და ეს ტემპი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სერიოზული რეფორმებია დაწყებული ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ეს ყველაფერი, განსაკუთრებით, კრიზისის პერიოდში, არის ბოლომდე მისაყვანი – ლოგიკურ დასასრულამდე.დღეს ჩვენი ვალდებულებებია, ბოლომდე მივიყვანოთ ის მოვალეობები და დაპირებები, რომელიც აღებული გვაქვს. ეს არის ძირითადი ამოცანა და არა მთავრობის ცვლილებები“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი