„მთავარია მობილობა შემცირდეს, რათა სტაბილიზაციას მივაღწიოთ” – თამარ გაბუნია

ავტორი: ნანა წულაია

„ჩვენი სტრატეგია იქნება მაქსიმალურად წერტილოვანი შეზღუდვების გზით წასვლა” – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვები იგეგმება, მაგრამ ქვეყანაში ლოქდაუნი არ გამოცხადდება.

„არაერთხელ გაცხადდა, რომ ჩვენი სტრატეგია ამ შემთხვევაში იქნება მაქსიმალურად წერტილოვანი შეზღუდვების გზით წასვლა, რადგან მეტად მიზნობრივი რეგულაციები მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ ეკონომიკური და ბიზნესაქტივობის შესაფერისი დონე და ასევე, შევამციროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. შეზღუდვების მაგალითები არის ის, რასაც ჩვენ დღეს უკვე ვიყენებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის პირად დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე ამ შეზღუდვების ამოქმედება. პირადი დაცვის საშუალებები, ნიღაბი, ფიზიკური დისტანცია და ხელის ჰიგიენა. დანარჩენი ის მენიუ, რომელსაც ევროპის ქვეყნები იყენებენ შეზღუდვების კუთხით, ლოკდაუნის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია და შესაფერისად მოხდება მათი გამოყენება იმისდა მიხედვით, თუ სად, როდის და როგორ წარიმართება ეპიდემიური სურათი“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, საუბარია ლოკალურ, წერტილოვან შეზღუდვებზე, რომლებიც მობილობას შეამცირებს.

„ჩვენთვის დღეს, რა თქმა უნდა, მთავარი არის, რომ მობილობა შემცირდეს, რათა სტაბილიზაციას მაინც მივაღწიოთ. შეზღუდვები, რაც გვაქვს, მოდიფიცირება შეიძლება, შეეხოს საათების გახანგრძლივებას, შეზღუდვის დროის გახანგრძლივებას, მგზავრთა ნაკადების მართვას, ესეც სრული შეწყვეტის გარეშე, რათა მაინც შენარჩუნდეს აქტივობის გარკვეული დონე, რაც აუცილებელია ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობისთვის. დეტალები დაზუსტდება და როგორ კი იქნება ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი