‘’მინდა, მადლობა ვუთხრა საბურთალოელებს’’ – ალეკო ელისაშვილი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ყველაზე დაბალი აქტივობა დღეს საბურთალოზეა და ეს ნიშნავს იმას, რომ საბურთალოზე მაღალია პოლიტიკური კულტურა და მათ ზურგი აქციეს ამ კომუნისტურ, ჩრდილოეთ–კორეულ არჩევნებს, სადაც მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობს.’’ – ამის შესახებ პარტია ‘’მოქალაქეების’’ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია ‘’პირველის’’ ეთერში განაცხადა. .

მისი თქმით, ამომრჩევლებს მეორე ტურზე წასვლისკენ ვერ მოუწოდებდა, რადგან აზრი არ ჰქონდა მათ აქტივობას გაყალბებული არჩევნების ფონზე, მან ისიც აღნიშნა, რომ ბრძოლას ასეთ ვითარებაშიც გააგრძელებს.

‘’მე იმიტომ მოვუწოდებ ყველას ბოიკოტისკენ რომ უბრალოდ აზრი არ აქვს, დასხდებიან მერე გამყალბებლები და ისე გადააკეთებენ შედეგებს, როგორც თვითონ უნდათ. საბურთალოზე დაუბალანსებელია ოქმების 54 %, ჩვენ კი ბერკეტები არ გვქონდა, რომ სამართალი გვეპოვნა. საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვენი მოთხოვნით 52–ე უბანი გადათვალა და აღმოჩნდა, რომ 42 ხმა მქონდა და მეწერა 2, ამის მერე დაკეტეს და აღარ თვლიდნენ, სასამართლოში და სააპელაციოში წავედით და არაფერი გამოვიდა. ასეთი არჩევნების მერე რატომ უნდა მეწვალებინა ხალხი და მეთქვა, რომ წასულიყვნენ ხმის მისაცემად. მინდა ვუთხრა ხალხს, რომ არ აქვს მნიშვნელობა მე საბურთალოს მაჟორიტარი ვიქნები თუ არა, არც აქამდე დამიზოგავს თავი და არც ახლა დავზოგავ.’’ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა ბოიკოტის გამოცხადების მნიშვნელობაზე სამართლიანი არჩევნების დანერგვის პროცესში და ხაზი გაუსვა იმას, რომ ‘’ქართულმა ოცნებამ’’ ახლა ყველაზე მეტი უნდა დათმოს.

‘’პასუხისმგებლობას ამომრჩევლებვის წინაშე ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ, მე მინდა ჩემს მხარდამჭერებს ავუხსნა, რომ ძალიან დიდ ეროვნულ ამოცანას მივადექით. ჩვენ 30 წელია ერთი და იმავეს ვხედავთ, არჩევნები ყალბდება, მინდა, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ. ჩვენ ამ ბოიკოტით შეგვიძლია, რომ ეს შევცვალოთ და მივაღწიოთ პატიოსან არჩევნებს. ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი კომპრომისის სივრცე ძალიან ვიწროა, ‘’ქართული ოცნების’’ – დიდი, რადგან მათ დააშავეს.’’ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი