“მას მეტი დამაჯერებლობისთვის ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა” – ირმა ჭკადუა მიკროსაფინანსოში შეჭრილ თავდამსხმელზე 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“იარაღი არ ჰქონია, მას მეტი დამაჯერებლობისთვის ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა – ადგილი ჰქონდა ერთგვარ პერფორმანსს” ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ „ინტერპრესნიუსთან” საუბარში წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ თავდამსხმელზე განაცხადა.

ადვოკატი სასამართლოში ლევან ზურაბიშვილის ინტერესების დაცვას უსასყიდლოდ გეგმავს. როგორც ჭკადუა განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფხიზელ მდგომარეობაში იყო და მან “თითოეული ადამიანის სატკივარი გააჟღერა”.

„ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ ის მძევლებს აგრესიულად არ ექცეოდა, რამდენიმემ თავისუფლად დატოვა შენობა, თითოეულ მათგანს გადაადგილება შეეძლო. ასევე, გვესმოდა, როცა მოთხოვნებს აყალიბებდა, მძევალთაგან ორი უსწორებდა კიდეც, რომ 7 % ბევრია და საბანკო სესხის განაკვეთი 3 პროცენტამდე დაწეულიყო.

ამ ბატონის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები იმდენად საჭირო იყო, არცერთ პოლიტიკოსს, არც ოპოზიციიდან და არც ხელისუფლებიდან არ ჰქონია იმ ტიპის დაპირება, რა მოთხოვნაც ამ ბატონს ჰქონდა. ეს გულწრფელი პროტესტი, თითოეული ჩვენგანის სატკივარი იყო და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთგვარ პერფორმანსს, რა ფორმითაც მან ეს შეძლო.

მას იარაღი არ ჰქონია, ხელყუმბარა არ ჰქონია, მეტი დამაჯერებლობისთვის სანთებელა იყო ყუმბარის ფორმით, რომელსაც საფერფლეც აქვს. ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არც ერთი თეთრი არ მოუთხოვია, მოლარეს უთხრა, რომ სალარო დაეკეტა, რადგან არ ეფიქრა ვინმეს, რომ რამე ფორმით თანხასთან ჰქონდა შემხებლობა. ის აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში იყო, არც ნასვამი იყო და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო აზარტული თამაშების მსხვერპლი, მან ავტომანქანაც კი გაყიდა ვალების ნაწილის გასასტუმრებლად, 12 წლის შვილი ჰყავს და ამბობს, არ მინდა, ჩემი შვილიც იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც მე ვარო“ – განაცხადა ჭკადუამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი