‘’მაიკ პომპეოს ვიზიტი სერიოზული გზავნილია ჩვენი ქვეყნისთვის’’ – დავით ზალკალიანი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ფაქტია, რომ რეგიონში საქართველო ყველაზე ახლო მოკავშირე და ძლიერი დასაყრდენია ამერიკისთვის.’’ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა.

მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კონკრეტულად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

‘’სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენ უფრო მეტად გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოება. ვთანხმდებით, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა მყარდება. წინა ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დავიწყეთ თანამშრომლობა და გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც წარმატებით შესრულდა. აშშ–მ საქართველოს ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად ჯაველინების სისტემა გადასცა. ეს არის კონკრეტული მაგალითები, რაზეც დგას ჩვენი თანამშრომლობა.’’ – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება ერთ–ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში.

‘’არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა, თავისუფალი ვაჭრობა, ამაზე მზაობა კი აშშ–ში საკანონმდებლო დონეზე არის. ვისაუბრებთ რაც შეიძლება მეტ ინვესტიციებზე, მეტი ამერიკული კომპანიების ყოფნაზე საქართველოში. ეს პროცესი შეუქცევადია, ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს.’’ – აღნიშნა ზალკალიანმა.

მან ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ერთ–ერთი მთავარი ‘’ნატოს’’ წევრი ქვეყნის უდიდეს როლზე საქართველოს ჩრდილო–ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ–ერთი ლიდერია ‘’ნატოს’’ ასპირანტ ქვეყნებს შორის.

‘’აშშ–ს როლი ჩრდილო–ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ფასდაუდებელია. ჩვენი დღის წესრიგის ძირითადი საკითხია ეს და ამაზე იყო საუბარი ბოლო მინისტერიალზე, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, ასევე საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს ‘’ნატოში’’, ჩვენი ვიზიტების დროს ვაშინგტონში და რა თქმა უნდა, ეს თემა ერთ–ერთი მთავარი განსახილველი იქნება. ყველა თანხმდება, რომ საქართველო დღეს არის ლიდერი ‘’ნატოს’’ ასპირანტი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდეს და საქართველო გახდეს ‘’ნატოს’’ წევრი ქვეყანა.’’ – განმარტა დავით ზალკალიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი