კორონავირუსით თბილისის მეტროპოლიტენის 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული

ავტორი: კახი კახეთელიძე

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროპოლიტენს 250 მემანქანე ჰყავს, რომელთაგან დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 20-მდეა ინფიცირებული. ყველა მათგანი შესაბამის მკურნალობას გადის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის, ლელა სეთურიძემ განცხადებით, მათ ყველა საჭირო რესურსი გააჩნიათ იმისთვის, რომ თბილისის მეტრომ იმუშაოს სრული დატვირთვით და მგზავრებს გადაადგილებისას დისკომფორტი არ შეექმნათ.

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს. მათი თქმით, შესაძლებელია მეტრო გარკვეული პერიოდით გაჩერდეს, რათა არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

„მათ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, რომ შემცირებულიყო თბილისის მეტროს მუშაობის საათები და ასევე, გაზრდილიყო ინტერვალი, ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ იქნებოდა მისაღები, რადგან მსგავსი ტიპის რეკომენდაცებს დარგის სპეციალისტები გასცემენ, ხოლო ჩვენ სრულად ვმოქმედებთ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით. ეს ყველაფერი გამოიწვევდა მეტი მგზავრის თავმოყრას, როგორც სადგურებში, ასევე მეტროს ვაგონებში, მუნიციპალურ ავტობუსში, რაც ჩვენს მოსახლეობას მძიმედ დააწვებოდა. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ რაც შეიძლება მცირე ინტერვალით უზრუნველვყოთ მგზავრების სწრაფი გადაადგილება, რომ ხელი შევუშალოთ მგზავრების თავმოყრას სალონებში, როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში.”–განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი