კახა კალაძე – 17 დეკემბერს აინთება ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე

ავტორი: კატო მალანია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ხვალ, 17 დეკემბერს აინთება და ამ პროცესის ნახვა პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

,,17 დეკემბერს აინთება ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, ვიცი, რომ ძალიან ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს, მინდა მივმართო ყველას, რომ მოემზადონ და ტელეეკრანებიდან ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთება. რა თქმა უნდა, უნდა ჩაიფიქრონ სურვილები და ეს სურვილები აუცილებლად აგიხდებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, წელს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, თუმცა მასზე დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.

,,ჩვენ წელს არ გვექნება საახალწლო სოფელი იმიტომ, რომ ეს ადამიანებს უბიძგებს თავშეყრისკენ და გაჭირდება კონტროლი არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა, ის თანხები რაც უნდა დახარჯულიყო ამ მიმართულებით მიემართება იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა და სჭირდება ჩვენი თანადგომა. უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები, რომ ყველა სირთულეს გადავლახავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 იანვარს და 14 იანვარს გაიმართება, რომელთა ტრანსლირებაც ასევე პირდაპირ ეთერში მოხდება.

,,გარდა ამისა, ჩვენ გვექნება რამდენიმე კონცერტი. 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მისი ნახვის. მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმომადგენლები, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი სახლის აივნებიდან, გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანები. ასევე გაიმართება კონცერტები 6 და 14 იანვარს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი