„იმედი გვაქვს, ამ ზომების შედეგად ვირუსის გავრცელების რიცხვებში გარდატეხა და დასტაბილურება მოხდება” – მაია ცქიტიშვილი

ავტორი: ნანა წულაია

„იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების შენელებას წარმატებით ვერ გავუმკლავდით, ძალიან მძიმე შედეგები გვექნება” –  ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ წესები როგორც დამსაქმებელმა, ისე დასაქმებულმაც უნდა დაიცვას.

„მიღებული რეგულაციების ეფექტზე ძალიან დიდი გავლენა ექნება თითოეული ჩვენგანის ქცევას. აუცილებელია, ყველა მხარემ, როგორც მთავრობამ, ასევე დამსაქმებელმა და თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვას ყველა წესი. ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, ეს წესები დავიცვათ თუ არ დავიცვათ. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების შენელებას წარმატებით ვერ გავუმკლავდით, ძალიან მძიმე შედეგები გვექნება. პირველ რიგში, ჩვენს ჯანდაცვაში, რაც ბუნებრივია, აისახება ადამიანების სიცოცხლეზე და რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ბალანსის პოვნა რთული იყო, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია, ბალანსი დაიცვას ეკონომიკის, მოსახლეობის ინტერესებსა და ეპიდემიის გავრცელების მართვას შორის.

„ჩვენთვის ძალიან რთული იყო ბალანსის პოვნა. ერთი მხრივ, ისეთი ზომები უნდა მიგვეღო, რომლებიც ინფექციის გავრცელების შენელებას მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს და მეორე მხრივ, ყველაზე ნაკლებად დააზიანებდა ჩვენს ბიზნესსექტორს, რომელიც პანდემიის გამო და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ ბიზნესთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. პრაქტიკულად, ყველა სფეროსთან, რომელსაც ეს შეზღუდვები შეეხო და ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე ეს არის ღონისძიებების ყველაზე ოპტიმალური კომბინაცია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი