‘’ივანიშვილს არ შერჩება ადამიანებისთვის არჩევნის უფლების წართმევა’’ – გიორგი კირთაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თვითონ დაეწერა არჩევნები და განესაზღვრა, როგორ ვიცხოვრებდით ჩვენ ხვალ. ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში აირჩიოს, თუ ვინ მართავს ქვეყანას. სიმართლე ოპოზიციის მხარესაა ცალსახად, ‘’ქართული ოცნება’’ არის მარტო დარჩენილი და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.’’ – ამის შესახებ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ, ‘’ნეოპრესის’’ ლაივგამოშვება ‘’ედიტორიალის’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები კვლავ უცველი რჩება, ისინი არ აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლას.

‘’ოპოზიცია ინარჩუნებს მყარ ერთობას და არცერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას. იგივე მდგომარეობაა აჭარაშიც, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იყო მოგეხსენებათ, რომელიც ასევე ტოტალურად გააყალბა ‘’ქართულმა ოცნებამ’’ და აქაც, ოპოზიცია ერთიანია და არავინ აპირებს ‘’გაუპრავოს’’ ივანიშვილს ე.წ. არჩევნები.’’ – აღნიშნა კირთაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის ერთიანობაზე და ისიც აღნიშნა, რომ ისინი ერთი იდეის – სამართლიანი არჩევნების ჩატარების იდეის ირგვლივ არიან გაერთიანებულები.

‘’არის იდეები, რომელსაც შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია არ უერთდებოდეს, შემდეგ ამას მათთან ერთად განვიხილავთ. ერთიანია ოპოზიცია, ისე როგორც არასდროს, ყველა გაერთიანებული ვართ ერთი მიზნით და ეს არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მინდა ყველას ესმოდეს ეს კარგად, იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი ივანიშვილს შერჩება, ხვალ ბევრად ცუდად ვიქნებით.’’ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

იხ. ვიდეო

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი