‘’თუ ჰგონიათ, რომ არ რეჟიმში დიდხანს „გაქაჩავენ“, ძალიან სამწუხაროა’’ – სერგი კაპანაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა ახალი არჩევნების ირგვლივ რაღაცაზე შეთანხმებაა. ჩვენ პარლამენტში არ შევედით, გაფორმდა ეგ ამბავი, დამთავრებული საკითხია! ახლა ხელისუფლებას ამ მასკარადზე პასუხისგება მოუწევს და თანმდევ პრობლემებზე, რომელსაც ვერ აგვარებს.’’ – ამის შესახებ ‘’ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ‘’პალიტრანიუსთან’’ ისაუბრა.

მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს არსებობას ვერ შეძლებს, რადგან ვერანაირ ფუნქციას ვერ შეასრულებს განსხვავებული აზრის არარსებობის გამო.

‘’ნებისმიერ დიქტატორულ ქვეყანაში რაღაც მეჯლისები და შეხვედრები იმართება ხოლმე. პარლამენტი შედგა? ადამიანები, რომ მიდიან, მანქანები რომ ჰყავთ, ჰალსტუხები რომ უკეთიათ და „კნოპკას“ ხელს, რომ აჭერენ ეგ ხომ არაა შედგომა?! რა ფუნქციას ახორციელებს პარლამენტი?! ზედამხედველობის ფუნქციას ახორციელებს?! ეს პარლამენტი, ამ მინისტრებზე ზედამხედველობას მოახდენს?! რა თქმა უნდა, ვერ მოახდენს. ეს პარლამენტი კონტროლის ფუნქციას განახორციელებს?! ან მთავრობის საქმიანობას კრიტიკულად მიუდგება? რა თქმა უნდა, არა. მჯერა იმის, რომ ყველაზე უგუნურ და ძალაუფლებაზე შეყვარებული ადამიანებიც კი, რაღაც ეტაპზე ხილვა აქვთ და მოეგებიან ხოლმე გონს, იმედი მაქვს, ახლაც ასე მოხდება. მე ერთი ვიცი, ეს არ დასრულდება სანამ, ივანიშვილი არ ეტყვის ამ ხალხს, კონკრეტულ დათმობაზე წავიდნენ.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ის, რაც ახლა პარლამენტში ხდება, მათ სიამოვნებთ. ერთდღიანი კომფორტი, როცა მიდიხარ და არავინ კრიტიკულ აზრს არ გამოთქვამს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთი-ორი დღის შემდეგ ისევ კომფორტად რჩება. მართლაც ძალიან მძიმე საყურებელია, რაც იქ ხდება – არცერთი კრიტიკული კითხვა, ან ხელოვნური კითხვა, წინასწარ მომზადებული პასუხებით. თუ ჰგონიათ, რომ არ რეჟიმში დიდხანს „გაქაჩავენ“, ძალიან სამწუხაროა. უბრალოდ, არ მჯერა, რომ ამ რეჟიმში დიდხანს „გაქაჩონ“. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის აბსურდულობას ხვდებიან. სხვათაშორის რამდენიმე მათგანმა ღიად თქვა კიდეც.“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი