‘’თუ რვა პარტია ერთი პარტიის თამაშს არ თამაშობს, ისინი უნდა დაფიქრდნენ საკუთარ მომავალზე’’ – ამირან სალუქვაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’არჩევნები აღიარებულია და ჩათვლილია, ძირითადი უფლებები დაცული იყო. მე არ მომწონს ის დარღვევები, რაც შეინიშნებოდა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ბრალეულობა და ერთი ხელისუფლების, ჩვენ ასე მოვდივართ 30 წელია. რეალობა ის არის, რომ ეს არჩევნები წინა არჩევნებზე ცუდი არ ყოფილა. ამ რეალობის გათვალისწინებით მე მოვუწოდებ ახალ პარტიებს, დაფიქრდნენ მომავალზე და შეთანხმდნენ რა საკითხებს გაიტანენ მე–10 მოწვევის პარლამენტში.’’ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ ტელეკომპანია ‘’იმედის’’ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციის მოთხოვნები მესამე რაუნდზეც უცვლელი იქნება, მაშინ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ვერ მიაღწევს.

‘’მეორე რაუნდში იყო შეთავაზებები მომრიგებლების მხრიდან, რომ გადაეთვალათ უბნები ხელახლა და ენახათ ვიდეოჩანაწერები და ჩვენ ვხედავთ, რომ ამაზე არ თანხმდება ოპოზიცია. თუ მესამე რაუნდზეც იგივე მოთხოვნა იქნება, რაც წინა რაუნდზე, უნდა ჩავთვალოთ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ან იქნება მეოთხე რაუნდი.’’ – განაცხადა სალუქვაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის სურვილზე მოლაპარაკებები დასრულდეს და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თუ ისინი ერთ ოპოზიციურ პარტიაზე არ არიან დამოკიდებულები, მაშინ ხელისუფლებასთან შეჯიბრი უნდა დაასრულონ.

‘’ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა მივიდეს გარკვეულ შეთანხმებამდე, თუ ამის სურვილი არსებობს ოპოზიციურ პარტიებში, თუ არ არსებობს ეს სურვილი და წინასწარაა გაწერილი ერთი პირის მიერ, თუ რა მოხდება, მაშინ ჩვენ ტყუილად ვსაუბრობთ. თუ ისინი არ არიან ერთ ოპოზიციურ პარტიაზე დამოკიდებულები და სურთ შეთანხმება, მაშინ ხელების გადატრიალებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი.’’ – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი