„თუ მონაწილეობას არ მიიღებთ, ვერ გაიმარჯვებთ,“-რატომ არის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ცუდი იდეა

ავტორი: პაატა კუპატაძე

Foreign Policy-ის კვლევის თანახმად, 1999-2009 წლებში არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების 171 შემთხვევამ აჩვენა, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ბოიკოტი ოპოზიციური პარტიებისთვის კატასტროფული შედეგებით სრულდება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები, როგორც წესი, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ნაკლებად იპყრობენ, მოქმედი ლიდერისა თუ მმართველი პარტიის პოზიციებს კი კიდევ უფრო ამყარებენ. ისტორია აჩვენებს, რომ ბოიკოტები ხშირად ოპოზიციური პარტიების მარგინალიზაციითა და უკონკურენტოდ დარჩენილი მმართველი ძალის გაძლიერებით სრულდება. ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად წყვეტს პოლიტიკური ხელისუფლებისთვის ბრძოლას, რაც ოპოზიციის რიგებში იწვევს ფრუსტრაციას და შიდა დაძაბულობას. ბოიკოტის რეჟიმში მარგინალიზაციის საფრთხე არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ მათ ლიდერებსაც ემუქრება. მარგინალიზაცია ძლიერდება, როდესაც ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ვერ იღებს. 171 შემთხვევიდან ბოიკოტის რეჟიმმა ოპოზიციას წარმატება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში (4%) მოუტანა, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ოპოზიცია მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერით სარგებლობდა, ბოიკოტი კი მასშტაბური საპროტესტო კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. კამპანია ბოიკოტთან ერთად საპროტესტო აქციებსა და საყოველთაო გაფიცვებს მოიცავდა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მმართველი პარტიები ოპოზიციის ბოიკოტზე ან ბოიკოტის საფრთხეებზე ძირითადად შემდეგნაირად რეაგირებენ: 1. იგნორირებას უწევენ ბოიკოტის საფრთხეს 2. ახდენენ მრავალმხრივ ზეწოლას ბოიკოტის მომწყობ მხარეზე 3. იწყებენ მოლაპარაკებას. ბოიკოტის საფრთხის წინაშე მდგარი მმართველი პარტიები, როგორც წესი,  ძლიერ საგარეო ზეწოლას განიცდიან, რათა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოონ, თუმცა არცთუ იშვიათად მმართველი გუნდი ოპოზიციის წინააღმდეგ უფრო ხისტ მეთოდებს იყენებს, მაგ. აპატიმრებს ბოიკოტის ორგანიზატორებს, რაც კონტრპროდუქტიულია. მსგავსი კრიზისების დროს საერთაშორისო საზოგადოება, როგორც წესი, პროცესებში ჩართულობას ააქტიურებს და ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ბოიკოტი თავიდან იქნას აცილებული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიცია ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ უნდა იყოს იმის მოლოდინში, რომ საერთაშორისო საზოგადოება მმართველ გუნდს სანქციებს ან ემბარგოს დაუწესებს. ასეთ ზომებს ის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს. უფრო ხშირად კი სამართლიანი არჩევნების თემა მეორეხარისხოვანი ხდება და წინა პლანზე პოლიტიკური სტაბილობის თემა იწევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოკავშირე ქვეყანა გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა  ან გლობალურ ექსტრემიზმთან ბრძოლაშია ჩართული. ბოიკოტის საფრთხე ხშირად მმართველ გუნდს გარკვეულ დათმობებზე წასვლას აიძულებს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ოპოზიციისთვის ბოიკოტი ფატალური შედეგით სრულდება. ოპოზიციური პარტიები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან და მედიასთან წვდომას კარგავენ და განწირულნი არიან შემდგომი წარუმატებლობებისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამართლიანი კონკურენცია შეუძლებელია, საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ოპოზიციური პარტიებისთვის უფრო მომგებიანია, რადგანაც ბოიკოტი რისკიანი პოლიტიკური ტაქტიკაა. დიდია რისკი იმისა, რომ ბოიკოტის ეფექტურობასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა აზრი ორად გაიყოს, რაც ელექტორატის ერთი ნაწილის დაკარგვას ნიშნავს. ბოიკოტი შესაძლოა ოპოზიციური პარტიებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი გამოდგეს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს კი მძიმე დარტყმა მიაყენოს. ბოიკოტის ადგილი დემოკრატიაში არ არის. დემოკრატია მონაწილეობაა და არა გარეთ დარჩენა. ქვემოთ მოყვანილი პრეცედენტები ამის ნათელი მაგალითია:

1991-1992 წლებში ალბანეთის პოლიტიკურ  ძალებში ძლიერი პოლარიზაცია შეინიშნებოდა. ორი დომინანტი პარტია პარლამენტის ბოიკოტირებას მონაცვლეობით ახდენდა. 1996 წლის მაისში არჩევნების დღეს ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რასაც ქვეყანაში მასობრივი არეულობები მოჰყვა. 1997 წელს საერთაშორისო ჩართულობით ახალი არჩევნები ჩატარდა, რომელშიც სოციალისტებმა გაიმარჯვეს, დემოკრატიული პარტია კი პარლამენტში არ შევიდა. მომდევნო წელს დემოკრატებმა  ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ რეფერენდუმს გამოუცხადეს ბოიკოტი.

2005 წელს ზიმბაბვეში სამთავრობო პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რამაც მმართველ გუნდს კონსტიტუციის შეცვლის და ორპალატიანი პარლამენტის გამოცხადების შესაძლებლობა მისცა. ოპოზიციურმა პარტია MDC-მა ბოიკოტის გამოცხადება გადაწყვიტა, რასაც პარტიაში შიდა დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, პარტია დაიშალა.

1983 წელს იამაიკის ოპოზიციურმა „სახალხო ეროვნულმა პარტიამ“ ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. არჩევნები საბოლოოდ 60-დან 6 ოლქში ჩატარდა და ელექტორატის საერთო აქტივობამ 2,7% შეადგინა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მმართველი ლეიბორისტული პარტიისთვის, პარლამენტში 60 მანდატი მიეღო.

Foreign Policy at Brookings

Threaten but Participate: Why election boycotts are a bad idea

https://www.brookings.edu/wp-content/uploads/2016/06/02_election_boycotts_frankel.pdf

Role of Election Boycotts in A Democracy

Sara Staino

http://aceproject.org/electoral-advice/archive/questions/replies/648740562

https://en.wikipedia.org/wiki/Election_boycott

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი