“თუ ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასადილოებს ბენეფიციარების გამოკვებისთვის სჭირდებათ, თანხა დაემატება”- კახა კალაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

 “ჩვენ თუ ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასადილოებს ბენეფიციარების გამოკვებისთვის სჭირდებათ, რა თქმა უნდა, თანხა დაემატება, არანაირი პრობლემა არ არსებობს” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტი საბოლოო არ არის და გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ ცოტახანში გახდება ცნობილი.

“ეს თანხა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ კვებაზე. აქ არ შედის არანაირი გადასახადები. ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები სახლში მიეწოდებათ, ვინც ამას ითხოვს. გვყავს ამისთვის ჯგუფები. არიან ადამიანები, ვისაც უჭირს მოსვლა, მისთვის პრობლემას წარმოადგენს და რა თქმა უნდა, მათ პროდუქტებს სახლში მივაწოდებთ. პირველადი ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოში იყო წარდგენილი, არ არის საბოლოო ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მაინც მიზანმიმართულად ხდება ინტერპრეტაცია, თითქოს ეს არის საბოლოო ბიუჯეტი. ბიუჯეტი გაიზრდება და მომდევნო დღეების განმავლობაში თქვენ ამის მომსწრე იქნებით“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პირველადი ვერსიით, თბილისის უფასო სასადილოების თითოეული ბენეფიციარის კვებისთვის დღიურად 1,30 ლარია გამოყოფილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი