თენგიზ ცერცვაძე – ანეგდოტია, როცა ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის და სხვების გადადგომას

ავტორი: ნანა წულაია

მთელი პანდემიის მანძილზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმი სისტემატურად ცდილობენ COVID-19-ის პანდემიის მართვასთან მიმართებაში ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების ნებისმიერი გზით დისკრედიტაციას და ქვეყანაში აპოკალიფსის სურათის დახატვას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ტყუილი 1: ანგაჟირებული ტელევიზიები ჩვენს ოპონენტ ექიმებს (ამ შემთხვევაში უცხოეთში დასაქმებულ ექიმებს არ ვეხები) წარმოაჩენენ, როგორც “COVID-19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფებს”.

სინამდვილეში არცერთ მათგანს არა ჰყავს გატარებული არცერთი სერიოზული ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით ავადმყოფი და თვალითაც კი არ უნახავთ ისინი. ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა ასწავლოს. ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია თავისი თავის და თავისი ცოდნის რეალიზება ნებისმიერ მათგანში მოახდინოს, მაგრამ ამას არცერთი მათგანი არ აკეთებს. ხომ არ იცით რატომ? ანეგდოტია, როდესაც ასეთი ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, არც მეტი, არც ნაკლები ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის და სხვების გადადგომას, რომლებიც მთელი წლის მანძილზე 7/24 რეჟიმში მუშაობენ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად და შექმნეს და მართავენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს.

აღნიშნული ექიმების ასოციაციის პრეზენტაციაზე არაერთჯერ გაიჟღერა, რომ ისინი საქართველოს მედიცინის საუკეთესო ნაწილია?! და სხვა ექიმების და მოსახლეობის 90%-ის ნდობა აქვთ?!. საიდან ეს თვითაღიარება? საინტერესოა, რატომ თვლიან ეს ექიმები, რომ უკეთესები და უფრო კომპეტენტურები არიან და მეტი ნდობა აქვთ, ვიდრე თუნდაც 100-მდე COVID კლინიკაში მომუშავე სხვა ექიმებს? რა აქვთ სხვაზე მეტი გაკეთებული და რა დამსახურება აქვთ? ან თუნდაც რატომ უნდა მივიჩნიოთ უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმები (რომელთა შორის უდავოდ არიან გამორჩეულები და მათ ძალიან ვაფასებთ) a priori ჩვენს ექიმებზე მეტ ავტორიტეტებად COVID-ის საკითხებში, მაშინ როცა საქართველოს COVID-19-ის გამოსავლების მხრივ (როგორც ჰოსპიტალში, ისე ჰოსპიტალს გარეთ) გაცილებით უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ყველა იმ ქვეყანას, სადაც ისინი მუშაობენ.

ტყუილი 2: აღნიშნული ექიმები აცხადებენ, რომ მათ არ უსმენენ და მათ რჩევებს არ ითვალისწინებენ.

სინამდვილეში არც სამინისტროს და არც კლინიკურ ჯგუფს მათგან არცერთხელ არანაირი კონკრეტული წინადადება და რეკომენდაცია არ მიუღია. კონტაქტშიც კი არ შემოსულან. მხოლოდ ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის დაწუნება, დისკრედიტაცია, ბრალდებები, მათ შორის კორუფციაშიც კი?! და იმაში, რომ ასობით ავადმყოფს უკვე ვავნეთ?! (ბ-ნი კანდელაკი), ციხეში ჩასმის მუქარა?! (ბ-ნი ჩალაძე), ბოლშევიკური პლაკატები (ბ-ნი კანდელაკი) და ქართული რეალობისთვისაც კი უჩვეულო არაკორექტული მიმართვები და პირადი შეურაცხყოფები (ბ-ნი კამკამიძე და სხვები), რომელთა აქ გამეორება უბრალოდ უხერხულია. თანამშრომლობა ასე არ ხდება. ჩვენი ოპონენტები კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აღნიშნავენ, თუ სადმე რაიმე ისე არ მიდის და აღიზიანებთ და ცდილობენ არ შეიმჩნიონ, თუ რაიმე კარგი კეთდება და წარმატებები გვაქვს. მაგალითად, ჰოსპიტლებში და ჰოსპიტალს გარეთ ავადმყოფთა გარდაცვალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი, COVID სასტუმროები, ონლაინ-კლინიკები და სხვ. მახსოვს, როგორი კმაყოფილებით და ზარზეიმით შეხვდნენ ჩვენი ოპონენტები ცნობას, რომ რემდესივირმა ერთ-ერთ კვლევაში სათანადო ეფექტი ვერ უჩვენა. შე კარგო ადამიანო, რა გიხარია, რა არის აქ სასიხარულო? რემდესივირს ხომ მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებდა და ჯერაც შეჰყურებს და რა არის კარგი იმაში, თუ ეს იმედი დასამარდება. ჩვენი ოპონენტების უკიდურესად დესტრუქციული და სინამდვილეს აცდენილი ინსინუაციები და ტყუილები სამწუხაროდ სრულიადაც არ არის უწყინარი. მას სერიოზული ზიანი მოაქვს ავადმყოფებისთვის და მოსახლეობისთვის. ეს ადამიანები მოსახლეობას ამყოფებენ მუდმივ სტრესში, უნერგავენ უნდობლობას ქვეყნისხელმძღვანელობისა და ექიმების მიმართ და უბიძგებენ მათ მცდარი, ხშირად მათივე ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უკიდურესად საზიანო ქმედებებისკენ. მაგალითად, ქილიკი COVID-19-ით პაციენტებში თრომბოემბოლიზმის რისკების შეფასების და პრევენციის საჭიროებაზე; ის, რომ COVID-19-ით პაციენტებმა არ უნდა მიიღონ რემდესივირი, კონვალესცენტის პლაზმა და სხვ. ახლა უკვე ვაქცინაც. ბ-ნი გიორგი კანდელაკი იმასაც კი გვსაყვედურობდა, რატომ არ შევუწყვეთ ხელი გაზაფხულზე COVID-19-ს „დოზირებულ“?! გავრცელებას, რაც სრული ნონსენსია. ის ცინიკურად აპროტესტებდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ პირბადეების ღია სივრცეში გამოყენების რეკომენდაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო COVID პანდემიასთნ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევს. სიტყვა-სიტყვით მოგვყავს მისი ციტატა „თქვენო მაღალყოვლადუგამარჯვებულესობავ, საერთოდ სუნთქვაც ხომ არ შევწყვიტოთ და კორონავირუსიც შეწყვეტდა გავრცელებას? ჰა??“ ექიმისგან, რომელიც ასეთ რაღაცეებს ამბობს, რას უნდა ელოდე.ტყუილი 3: ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ პანდემიის მართვა ვერ შესძლო და ამიტომ თავის გადასარჩენად lockdown-ს მიმართა და ამით საკუთარი მოსახლეობა შიმშილისთვის და სასიკვდილოდ გაწირა. ამით ცდილობენ მოსახლეობაში ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი უკმაყოფილება გააღვივონ.

მკრეხელობაა. სინამდვილეში მათ შესანიშნავად იციან, რომ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იძულებული იყო, მიემართა lockdown-ისთვის და თანაც გაცილებით, შეუდარებლად უფრო მკაცრი პირობებით. ქვეყნის ხელმძღვანელობა საქართველოსნაირი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნის პირობაზე, მაქსიმუმს აკეთებს, რათა მოსახლეობისთვის lockdown და ზოგადად პანდემია ნეკლებად მტკივნეული იყოს.

ტყუილი 4: ქვეყნის ხელმძღვანელობა ვერაფერს აკეთებს?! ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია?! პაციენტების ნაკადების მართვა, მათ შორის კლინიკური მართვა, არაფრად არ ვარგა?! მართვის პროტოკოლი ცუდია?! COVID-19-ით ავადობის და გარდაცვალების შემთხვევები კატასტროფულად იმატებს?! და ა.შ.

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით და ავადმყოფების კლინიკურ მართვის ხარისხთან მას არავითარი კავშირი არა აქვს.

სინამდვილეში, ასეთ სიტუაციაშიც კი ქვეყანამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსის ეფექტიანი მობილიზება და ცალკეული სერიოზული შეფერხებების და ხარვეზების მიუხედავად (რასაც ვერცერთი ქვეყანა ვერ აცდა) უზრუნველყო პაციენტთა უპრეცედენტოდ გაზრდილი ნაკადების (დღეში 30 ათასი აქტიური ავადმყოფი) ეფექტიანი მართვა, რისი უპირობო დადასტურებაა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1%-ის ფარგლებში), მათ შორის ბოლო ერთი თვის მანძილზეც და ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში) გარდაცვალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი – სულ 33 შემთხვევა, მაშინ, როცა ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია ასობით, ათასობით და ათეულ ათასობით COVID ავადმყოფი. მაგალითად, ინგლისში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია 6 000-ზე მეტი ავადმყოფი. ასეა სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში შედარებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევებიც. კიდევ ერთი სერიოზული ფაქტი, რომელიც უჩვენებს, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვა მაღალ დონეზეა: საქართველო ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე COVID შემთხვევების რაოდენობით მე-7 ადგილზეა ევროპაში, მაგრამ იგივე 1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით – 27 ადგილზე და ამ მაჩვენებლით სჯობნის ევროპის პრაქტიკულად ყველა წამყვან ქვეყანას (ბევრად მეტი ავადმყოფი, ბევრად ნაკლები გარდაცვლილი), რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ჩვენთან COVID-19-ს უკეთესად მკურნალობენ, ვიდრე ამ ქვეყნებში. ჩვენსოპონენტებს ძალიან უყვართ მტკიცებულებებზე ლაპარაკი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ? იქნებ ვინმემ ამიხსნას, ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემით და ცუდი პროტოკოლით როგორ შეიძლებოდა ისეთი შედეგების დადება, რაც ვერ გააკეთა საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, ამერიკამ, ინგლისმა, ბელგიამ, ავსტრიამ, რუსეთმა, სომხეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და კიდევ ბევრმა სხვა ქვეყანამ. ვერ გააკეთა თვით გერმანიამაც კი, რომელიც COVID-19-თან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება. სინამდვილეში ჩვენი პროტოკოლები უზრუნველყოფს ავადმყოფების მკურნალობას და მოვლას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მე არაერთგზის გამოვიწვიე ტელედებატებში ბ-ნი კანდელაკი და ბ-ნი კამკამიძე, რათა განემარტათ, რას უწუნებენ ჩვენს პროტოკოლებს, მაგრამ მათ ტელედებატებს თავი აარიდეს. საქართველომ პანდემიის დასაწყისშივე ერთ-ერთმა პირველმა აუღო ალღო იმას, რომ COVID-19 სხვა რესპირაციული ინფექციებისგან განსხვავებით აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და სისტემას და დანერგა COVID-19-ით ავადმყოფების მართვის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც გულისხმობს მართვაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართვას და COVID-19-ის ძირითადი გართულებების დროულად გამოვლენას, პრევენციას და მკურნალობას. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში გაამახვილა ყურადღება თრომბოემბოლიზმის მნიშვნელობაზე COVID-19-ით ავადმყოფებში და დანერგა მისი რისკების შეფასების, პრევენციისა და მკურნალობის პრინციპები. ასევე ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა, რომ COVID-19-ით ავადმყოფებში ადგილი შეიძლებაჰქონდეს ფილტვის L ან H ტიპის დაზიანებას და მინიმუმამდე შეამცირა არასაჭირო ინტუბაციების რაოდენობა და გაზარდა ე.წ. „high flow” მეთოდიკის გამოყენება. ასევე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დიაგნოსტიკის და მართვის პრინციპები, რისი გამოცდილებაც მანამდეც ქვეყანაში საერთოდ არ იყო და სხვ.

მე ვთავაზობ ექიმთა ახლადშექმნილ ასოციაციას, შეარჩიოს ორი ექიმი, ერთი – უცხოეთში მცხოვრები, ხოლო მეორე – საქართველოში მცხოვრები და მზად ვარ შევხვდე მათ ტელედებატებში, ნებისმიერ ნეიტრალურ ტელევიზიაში, COVID-19-ის კლინიკური მართვის საკითხებზე.

საქართველოს მიღწევები COVID პანდემიის მართვაში ცალსახად აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციებისა და ექსპერტების მიერ და ამ მიღწევებს მხოლოდ ჩვენი ოპონენტები არ ცნობენ. სულ ახლახანს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ბ-ნმა ჰანს კლუგემ, რომელიც პროფესიით ინფექციონისტია და ხუთი დღით სტუმრობდა საქართველოს, არა უბრალოდ დადებითი, არამედ აღმატებული შეფასება მისცა ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების მიერ ქვეყანაში პანდემიის მართვას, ინოვაციურ მიდგომებს, რაც ფართოდ გაშუქდა. ერთ-ერთი თავისი გამოსვლა მან დაასრულა სიტყვებით „მართლაც, რომ ბრავო, კარგად მუშაობენ“. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამ რანგის ხელმძღვანელისგან ასეთი ემოციური შეფასება ძალიან იშვიათია. ასეა, ჩვენი ოპონენტები და დანარჩენი მსოფლიო, როგორც ჩანს სხვადასხვა რეალობაში იმყოფებიან.ტყუილი 5: საქართველომ არ გამოიყენა ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი, რომელიც მას „ღმერთმა აჩუქა“ და არაფერი გააკეთა შემოდგომის პიკისთვის სათანადოდ მოსამზადებლად.

ისევ იმის მცდელობა, რომ რაღაც დაგვიწუნონ. სხვანაირად არ შეუძლიათ. სინამდვილეში პანდემიის პირველი რვა თვის მანძილზე ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი „ღმერთმა კი არ გვაჩუქა“, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა თავისი გუნდით და NCDC-იმ დროული, ეფექტიანი და წინმსწრები საპასუხო ღონისძიებებით უზრუნველყო COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი და სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები ეკონომიკური დანაკარგები.

სინამდვილეში ბოლო ექვს თვეში იმდენი რამ გაკეთდა, რასაც სხვა დროს ექვსი წელი არ ეყოფოდა. ასე რომ არ იყოს, ჩვენნაირი პატარა და შეზღუდული რესურსების ქვეყანა ვერანაირად ვერ მოახერხებდა ემართა ერთდროულად 30 ათასი აქტიური COVID-19-ით პაციენტი, რაც ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა ვერ მოახერხეს.

სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შესძლებს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას, რისი მიღწევაც ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის ადვილი არ იყო.

ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთდა, ან კეთდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო შესაძლოდ მოკლე დროში და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გაუმკლავდება საუკუნის უდიდეს გამოწვევას – COVID-19-ის პანდემიას.

ტყუილი 6: ჩვენი ოპონენტები ყოვლად მანკიერ პრაქტიკად და ძალიან ცუდ მოდელად და ნონსენსად მოიხსენიებენ საქართველოში COVID სასტუმროების ფართოდ გამოყენებას.

სინამდვილეში ეს არის საქართველოს „ნოუ ჰაუ“, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინოვაცია და წარმატებული პროექტი. კერძოდ, პაციენტის COVID სასტუმროში განთასვებას უზარმაზარი უპირატესობა აქვს, მის ბინაზე დატოვებასთან დაკავშირებით – გაცილებით ეფექტიანი იზოლაცია, სამედიცინო მეთვალყურეობა, მარტივი გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა, პულსოქსიმეტრებით უზრულვეყოფა, ჟანგბადის კონცენტრატორებით და ჟანგბადის მიწოდებით უზრუნველყოფა, კომფორტი, სამჯერადი ხარისხიანი უფასო კვება, საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალში სწრაფად გადაყვანის შესაძლებლობა და ბევრი სხვ. COVID სასტუმროები ნამდვილი ქართული „ნოუ ჰაუ“-ა. იგი ევროპის და ამერიკის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება და იგივე ჯანმოს ევროპის ბიუროს დირექტორმა ბ-ნმა ჰანს კლუგემ, რომელიც პირადად გაეცნო COVID სასტუმროების საქმიანობას, სიტყვა-სიტყვით განაცხადა „ვნახე არაერთი რეალური ინოვაცია, მაგალითად კოვიდ სასტუმროში. ეს ისეთი რამაა, რასაც ნამდვილად რეკომენდაციას ვუწევ ყველა ქვეყნისთვის, რადგან პანდემიაზე გამარჯვება არ მიიღწევა ყურადღების მხოლოდ საავადმყოფოებზე გამახვილებით“. ვის დავუჯეროთ – ჩვენს ოპონენტებს, თუ დანარჩენ მსოფლიოს?ტყუილი 7: ბოლო პერიოდში ჩვენი ოპონენტების სამიზნე გახდა ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ ანტივირუსული მედიკამენტის „რემდესივირის“ შემოტანა.

ჩვენმა ოპონენტებმა შესანიშნავად იციან, რომ ჯანმო-ს კვლევის ნეგატიური შედეგების მიუხედავად, რემდესივირს დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველა წამყვანი კლინიკა იყენებს და თან ფართედ (რა თქმა უნდა, კონკრეტული ჩვენებებით პაციენტებში), მაგრამ მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ამ მედიკამენტზე მთელმა მსოფლიომ უარი თქვა და მხოლოდ საქართველო აპირებს რემდესივირით COVID-19-ით ავადმყოფების მკურნალობას, რაც თითქოს სერიოზული დანაშაულის ტოლფასია. ტყუილი, დიდი ტყუილი. იქნებ სთხოვოთ ამერიკაში მომუშავე ექიმს ქ-ნ ნანა გეგეჭკორს, რომელმაც მთელი წიაღსვლები გააკეთა რემდესივირზე კვლევებში, უპასუხოს მარტივ, ძალიან მარტივ კითხვას – ამერიკაში წამყვანი კლინიკები რეალურად იყენებენ რემდესივირს, თუ არა. პირადად მე ვთხოვ ქ-ნ ნანას პირდაპირ გვიპასუხოს ამ კითხვაზე.

ჩვენმა ოპონენტებმა ასევე შესანიშნავად იციან, რომ სახელმწიფომ რემდესივირი შემოიტანა ჩვეულებრივი წესით, COVID პაციენტების მკურნალობისთვის და იგი არ არის განკუთვნილი არანაირი კლინიკური კვლევების და მითუმეტეს, საკუთარ მოქალაქეებზე რაღაც ფარული ექსპერტიმენტების მოსაწყობად, მაგრამ უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ეს მედიკამენტი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე დანაშაულებრივი ექსპერიმენტისთვის არის შემოტანილი?! და რომ ჩვენ ამის ინიციატორები აუცილებლად ციხეში მოვხვდებით?!

მათ შესანიშნავად იციან, რომ „რემდესივირი“ სწორად გამოყენების შემთხვევაში ეფექტიანია, მაგრამ ხალხს ატყუებენ, რომ ეს ასე არ არის. მათ კატეგორიულად არ უნდათ, რომ საქართველოში რაიმე კარგი გაკეთდეს სხვისი ხელით. თვითონ კი არაფრის გაკეთება არ უნდათ, ან არ შეუძლიათ.

აი, ასეთია სამწუხაროდ, ქართული რეალობა“, – წერს ცერცვაძე.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი