თამარ გაბუნია – კორონავირუსზე ტესტირების გაფართოება იგეგმება

ავტორი: ნანა წულაია

კორონავირუსზე ტესტირების გაფართოება იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ტესტირების გაფართოება საშუალებას მისცემთ, მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები და  გადაცემის  ჯაჭვი გაწყდეს.

„ტესტირებების გაფართოება იგეგმება. მომდევნო ორი კვირა და საერთოდ იანვრის ბოლომდე, არის აქტიური ტესტირების პერიოდი. ოცი ათასი სამიზნე, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს გამოვლენა, რა თქმა უნდა, ძალაშია. ამ ჯგუფებს დაემატა ტაქსის მძღოლების ჯგუფი, რომელთათვისაც აქტიური კამპანია დაიწყო უკვე დღეიდან და მათი ტესტირებაც მოხდება ყველა იმ ჯგუფთან ერთად, ვინც ჩართული იყო აქამდე პროგრამაში. ასევე მოეწყობა სპეციალური ტესტირების დამატებითი წერტილები, მაგალითად, აგრარულ ბაზრებში დასაქმებული მოვაჭრეებისთვის, ასევე სხვა პირებისთვის, ვინც რაიმე მიზეზის გამო შესაძლოა, ვერ ახერხებს ამბულატორიაში მისვლას და ურჩევნია, გაიტესტოს მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფ რომელიმე დაწესებულებაში, რაც მისთვის გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

ამდენად, ვფიქრობთ, ოცი ათასი ტესტი ყოველდღიურად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები და ამ გზით გაწყდეს გადაცემის ჯაჭვი. პირველ იანვარს გამოიცა ამის შესახებ მინისტრის ბრძანება, რომელმაც განსაზღვრა დამატებითი ჯგუფები, მათ შორის მოვაჭრეები, მტაქსის მძღოლები, სხვა ჯგუფები უკვე განსაზღვრული იყო. ეს აქციები დაწყებულია და უკვე ამ მომდევნო კვირაში გვექნება მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი