თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ იუწყება

ავტორი: ნანა წულაია

სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 დეკემბერს თეიმურაზ გიუნაშვილი არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც სამინისტრომ განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან.

„საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით. 22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით”,- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, სამხედრო მოსამსახურეს, თეიმურაზ გიუნაშვილს რამდენიმე დღეა, რაც ოჯახი ეძებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი