ზაალ უდუმაშვილი – არანაირი რევოლუციები არ იგეგმება

ავტორი: ნანა წულაია

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება დროულად დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ არანაირი რევოლუცია არ იგეგმება.

„ყოველთვის ასე არის, როდესაც ხელისუფლებას უჭირს, იმ წუთში ალაპარაკდებიან ხოლმე რაღაც რევოლუციურ და არარსებულ სცენარებზე. არანაირი რევოლუციები არ იგეგმება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება დროულად დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, სადაც ყველას ექნება საშუალება, გამოხატოს თავისი ნება და თავად აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც მას სურს და არა ისე, როგორც 31 ოქტომბერს მოხდა, როდესაც თავად დაიწერეს ის ციფრები, რომლებიც მხოლოდ მათ ინტერესში შედიოდა. ამიტომ დაანებონ შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში, მით უმეტეს, როდესაც შავი კატა ამ ოთახში საერთოდ არ არის და ჯობია, ახლა უყურონ საკუთარ თავს ტელევიზორში, რამდენად კარგად გამოიყურებიან, როდესაც სადღეგრძელოების სტილში ჩაარიხინეს მთელი ეს მოსმენები და ასე დაამტკიცეს მთავრობა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პრემიერ-მინისტმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიცია ტყუილად ელოდება, რომ წარმოუდგენელი სცენარები მათ რევოლუციურ განვითარებამდე მიიყვანს. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნისთვის პრობლემაა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი