‘’ვინც ახლა გარიგებაში შევა ხელისუფლებასთან, ის უბრალოდ პოლიტიკურ მომავალს თავისი ხელით დაასრულებს’’ – ეკა ბესელია

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’მე პირადად მგონია, რომ არცერთი წინაპირობა არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით, როგორც ალტერნატივა, არ უნდა იყოს განხილული. მგონია, რომ ზოგადად კარგია, როცა ხალხს ეკითხები რა სურს მას, ეს ყოველთვის კარგი ფორმაა, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ სატყუარა გადმოაგდოს მმართველმა პარტიამ და ამ სატყუარას ვინმე დათანხმდეს.’’ – ამის შესახებ პარტია ‘’სამართლიანობისთვის’’ ლიდერმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პლებისციტი ამ შემთხვევაში გაუმართლებელია, რადგან კონსტიტუციურად ხელისუფლებას შეუძლია, რომ არ ჩაატაროს. მან ისიც აღნიშნა, რომ პლებისციტი არაობიექტურად ჩატარდება და ეს უბრალოდ დროის გაყვანა იქნება ოპოზიციის მხრიდან.

‘’პლებისციტი არ არის თავისუფალი არჩევნების ალტერნატივა, ამაზე შევთანხმდით. ეს კითხვა დავსვი – თუ დგას საკითხი არჩევნები თუ პლებისციტი? – ეს არ არის თანაზომადი პოლიტიკური მოთხოვნა. პლებისციტი არ არის სავალდებულო ხასიათის სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი. რომც თქვას ხალხმა გვინდა არჩევნები – ხელისუფლებას შეუძლია არ დანიშნოს, რადგან პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ ეს სავალდებულო არ არის. თუ სავალდებულო არ არის, ვერც მოთხოვ. ამიტომ ამ პროცესში შესვლა და შეყოლა მიმაჩნია დროის გაყვანად, „ოცნების“თამაშად და არასწორი პოლიტიკურ სვლაა. ასეთი ტიპის გამოკითხვები შეიძლება ჩაატარო მაშინ, როდესაც იცი, რომ ჩატარდება ობიექტურად და ხალხის განწყობა რეალიზებული იქნება. თუ წინასწარ იცი, რომ ეს არის დროის გაყვანის მცდელობა და მეტი არაფერი, ამის მოთხოვნა არ იქნება სწორი არჩევნების საპირწონედ. აქ შეიძლება იყოს მსჯელობა და დავრჩეთ განსხვავებულ მოსაზრებებზე. დანარჩენი ყველა სხვა საკითხი არის სადისკუსიო. მთავარი ახლა არის, პარლამენტში შევა თუ არა ვინმე, ვინმეს იპოვის თუ არა მმართველი პარტია, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით დაითანხმებს, რადგან მას სასიცოცხლოდ სჭირდება ახლა ფორმალური ლეგიტიმაცია. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, ვინც ახლა გარიგებაში შევა ხელისუფლებასთან, ის უბრალოდ პოლიტიკურ მომავალს თავისი ხელით დაასრულებს. მას უნდა ესმოდეს, რომ ასეთ პოლიტიკურ თამაშებს არასდროს გპატიობს ისტორია’’. – განაცხადა ეკა ბესელიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი