“ვერავინ აგვიკრძალავს, ჩვენს ამომრჩეველს აღვუწეროთ სიტუაცია” – სერგი კაპანაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“მოწოდებები, ელჩებს არ ელაპარაკოთო, არის ინფანტილიზმი და უპასუხისმგებლობა. მოწოდებები, მეტჯერ აღარ შეხვდეთ ოცნებასო, არასერიოზულია. თუ შანსია, მიაღწიო მიზანს მოლაპარაკებით, უნდა სცადო” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

ის  მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების დეტალები საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუმცა ფორმატის სპეციფიკიდან გამომდინარე, კაპანაძე დეტალებზე ვერ საუბრობს. სამაგიეროდ, ფიქრობს, რომ ამომრჩევლისთის სიტუაციის აღწერას ვერავინ აუკრძალავს.

“ოპოზიციურმა პარტიებმა ვთქვით, რომ არ შევდივართ, რადგან არჩევნები გაყალბდა. შემდეგ წარვადგინეთ სამი მოთხოვნა – პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო სისტემა.

ქოცებმა ელჩებს უთხრეს, რომ არ განიხილავენ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, ჟვანიას მოხსნას, მაგრამ მზად არიან შეცვალონ რაღაც წესები 2021 ადგილობრივი არჩევნებისთვის.
ეს წესების შეცვლა ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის ცალკე თუ ავიღებთ, მეორეხარისხოვანია. თუმცა, რადგანაც სხვები გულგრილი არ იყვნენ ამ იდეების მიმართ, და რადგანაც თუ არჩევნები ტარდება, ამ შეცვლილი წესებით უნდა ჩატარდეს, ქოცებს მივეცით დააფდეითებული დოკუმენტი. ანუ, ისევ 3 მოთხოვნა:
1. პოლიტპატიმრები. 2. არჩევნები. 3. საარჩევნო წესები, აქვე 2021-ის დეტალებით. ეს დოკუმენტი ფორმულამ გაავრცელა. ისევ ჩვენ დაგვაბრალეს უსამართლოდ, რომ ჩვენ დავლიკეთ. ამ დროს არაფერ შუაში ვართ. დალიკვა რომ გვდომოდა, ფორმულას არ მივცემდით. ისეთს მივცემდით, ვინც ჩვენთან ნაკლებად აფილირდება. ისიც ვიცით, ვინ მისცა, მაგრამ ახლა არ აქვს მნიშვნელობა.
გუშინ მიდიოდა ამ დოკუმენტზე მუშაობა. ძირითადად, მე-3 პუნქტის (საარჩევნო ადმინისტრაცია და სისტემა) დეტალებზე. ქოცები რომ ამბობენ, პროგრესიაო, გულისხმობენ, რომ ამ მე-3 პუნქტზე რაღაცებს თმობენ.
ოღონდ, ეგ პუნქტი იმიტომ არის მესამე, რომ პირველი და მეორეა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ პოლიტპატიმრები და ახალი არჩევნები.
ამ ორზე თუ არ იქნა პროგრესი, პარლამენტში არ შევდივართ. მარტივია ჩვენთვის – ევროპული საქართველოსთვის.
მოწოდებები, ელჩებს არ ელაპარაკოთო, არის ინფანტილიზმი და უპასუხისმგებლობა. მოწოდებები, მეტჯერ აღარ შეხვდეთ ოცნებასო, არასერიოზულია. თუ შანსია, მიაღწიო მიზანს მოლაპარაკებით, უნდა სცადო.

პლებისციტს რაც შეეხება: პლებისციტი არის არჩევნებამდე მისვლის გზა. თუ დანიშნავს ოცნება, მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის და წესების შეცვლის შემდეგ მიღებული ცესკოს მიერ უნდა მოხდეს პლებისციტის ადმინისტრირება. ესეც უპირობო მოთხოვნაა” – წერს კაპანაძე.

მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი