ვახტანგ გომელაური და ვლადიმერ ბორცვაძე ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან

ავტორი: ნანა წულაია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან.

მათ სამმართველოსთან სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა დახვდათ. უწყებაში შეხვედრა სავარაუდოდ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმას და თავდამსხმელის ძებნის ოპერაციას უკავშირდება.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი