ვაშინგტონის თვალით – რა როლი აქვს საქართველოს ამერიკის “აბრეშუმის გზის” პოლიტიკისთვის

ავტორი: ზურაბ მაღრაძე

აშშ-ს დემოკრატმა პრეზიდენტმა კლინტონმა საკუთარი მოღვაწეობის შეფასებისას განაცხადა, რომ ნავთობსადენებთან დაკავშირებულ შეთანხმებათა პროცესის წარმატებით დასრულება იყო მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი „ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა 1999 წელს.“

აქვე, პრეზიდენტ კლინტონის დროს მიღებული ევროპის უსაფრთხოების ქარტიის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი რუსული სამხედრო ბაზების დაცლას ბათუმსა და ახალქალაქში.

საქართველოში „თბილისი-ყარსის“ რკინიგზის შექმნის თაობაზე საუბარი დაიწყო 1993 წელს და მაშინ აშშ-ს პრეზიდენტი დემოკრატი კლინტონია. 1996 წლის 4 აპრილს შევარდნაძე და დემირელი ხელს მოაწერენ დეკლარაციაზე „თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მშენებლობისა და დაპროექტების შესახებ. 2005 წლის იანვარში გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლის დაფინანსებაზე ევროკავშირმა და აშშ-მ (პრეზიდენტი ჯ. ბუში) უარი განაცხადეს. მანამდე ბაქო არ მოიაზრებოდა პროექტში… აი, ამ დროს აშშ-ს და ევროპის კავშირს 600 მილიონი დოლარი რომ გამოენახათ ჩვენთვის (სწორედ ამდენია ბაქოს სესხის მოცულობა) და დამატებითი ინვესტიციები მოეზიდათ, ევროპასა და აზიას შორის სარკინიგზო ხაზზე დომინანტი საქართველო იქნებოდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთ-ერთი პირველი არის რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც კონგრესმა 2006 წელს მიიღო; კანონი ამერიკის ბანკებს უკრძალავდა რკინიგზის „თბილისი – ყარსი“ მშენებლობის დაფინანსებას.

2017 წლის 30 ოქტომბერს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა რკინიგზის გახსნა და უწოდა მას სატრანსპორტო კავშირების მთავარი ელემენტი, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს თურქეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ცენტრალურ აზიასთან. არადა მანამდე, ევროკავშირმა უარი განაცხადა პროექტის დაფინანსებაზე. მაგისტრალის გახსნისას კი აშშ-ს პრეზიდენტი დემოკრატი ობამაა. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, 2011 წელს ნიუ-იორკში, Global Infrastructure Leadership Forum-ზე მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის დასახელდა “რკინის აბრეშუმის გზის” მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს მარაბდა-კარწახის რკინიგზა.

ახალი აბრეშუმის გზის შექმნის იდეა ეკუთვნით ამერიკელ დემოკრატებს, ჩინელები მოგვიანებით ჩაერთვნენ.

1999 წელს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, კონგრესმა მიიღო კანონი უძველესი აბრეშუმის გზის შესახებ, რომლის ტექსტში ნახსენებია საქართველო.

დემოკრატმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პირველად საზოგადოების წინაშე „ახალი აბრეშუმის გზა“ ახსენა 2011 წლის 20 ივლისს ინდოეთის ქალაქ ჩენაიში (Chennai) წარმოთქმულ სიტყვაში. კლინტონის მიდგომის არსი მდგომარეობდა „ჩრდილოეთი – სამხრეთის სავაჭრო დერეფნით“ ავღანეთის ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობაში, რაც სტიმულს მისცემდა ავღანეთის ეკონომიკის გაუმჯობესებას და მის დაკავშირებულობის ზრდას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა კი თავისი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ 2013 წლის 7 სექტემბერს ასტანაში, ყაზახეთში წამოაყენა. მან ახალი ტერმინი შემოიღო, კერძოდ, „ეკონომიკური სარტყელი“, რათა თავისი ხედვა განესხვავებინა ჰილარი კლინტონის ხედვისაგან „ახალი აბრეშუმის გზის“ შესახებ.

მილიონზე მეტი მეცნიერული ნაშრომი დაიწერა ჩინეთში 24 თვის განმავლობაში… დღე და ღამე გაასწორეს ჩინელებმა და შექმნეს კონცეფცია “სარტყელი და გზა”.

2015 წელს ყაზახეთის მიერ დასრულებული ჟეზკაზგან-ბეინეუს რკინიგზის მშენებლობის შედეგად მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 1000 კილომეტრით შემცირდა. თეთრ სახლში მაშინაც დემოკრატი პრეზიდენტი იჯდა.

ობამას ადმინისტრაციის დიპლომატმა ტონი ბლინკენმა 2016 წელს განაცხადა: “საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის აბრეშუმის გზის პოლიტიკისთვის. აშშ მძლავრად უჭერს მხარს თქვენს რეგიონალურ ლიდერობას, რათა შექმნათ მეგობრულ სახელმწიფოთ ქსელი ტრანსკასპიური კორიდორის ირგვლივ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობის განსავითარებლად… საქართველო იმსახურებს განსაკუთრებულ დაფასებას…”

დემოკრატები დაბრუნდნენ თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმში. დანარჩენს დაველოდოთ.

ბ.თ. დალოდება არ ნიშნავს გულზე ხელების დაკრეფას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი