„ეს ბიზნესმენები ათასობით ოჯახის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს წყვეტენ და მოხარული ვიქნები, თუ ამ გამოცდილებას პარლამენტშიც გადაიტანენ“ – თამარ კიკნაძე

ავტორი: neopress.ge

„დღევანდელი ევროპული სოციალიზმი ნიშნავს ზრუნვას ადამიანების, სოციუმის კეთილდღეობაზე, გაერთიანებაზე, ჭირისა და ლხინის გაზიარებაზე.“ – ასე უპასუხა პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თამარ კიკნაძემ ჟურნალისტებისა და საზოგადოების მიერ  დასმულ შეკითხვას, რომელიც  სოციალისტური იდეის გარშემო ბიზნესმენების გაერთიანებას ეხებოდა. მისი თქმით, ეს ოთხი ბიზნესმენი ათასობით ოჯახის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე ზრუნავს.

„ხშირად კითხულობენ, რა კავშირია ბიზნესსა და ევროპულ სოციალიზმს შორის. ეტიმოლოგიურად სოციალიზმი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გაერთიანებას, გაზიარებას, რაც ასე აკლია ჩვენს ქვეყანას. ზედმეტია ლაპარაკი დემოკრატიასა და გარკვეული ინსტიტუტების მშენებლობაზე. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ის კაპიტალიზმის საპირისპიროდ დაიბადა, მაგრამ დღევანდელი ევროპული სოციალიზმი, როგორც უკვე აღვნიშნე,  ადამიანების, სოციუმის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ის პირები, რომლებიც ამ პარტიაში არიან წარმოდგენილები და მე განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო პარლამენტში სიით შესულ 4 ბიზნესმენზე, არიან საკმაოდ წარმატებული პერსონები, რომლებიც ათასობით მოქალაქის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს წყვეტენ. და მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ამ გამოცდილებას პარლამენტში გადაიტანენ. სწორედ ამიტომ დავთანხმდი მათთან თანამშრომლობას.

და კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს მინდა გავუსვა ხაზი. ჩვენ ვიყავით პოლიტიკური კრიზისის პირობებში და ახლაც, გარკვეულწილად, სახეზეა კრიზისი. ვთვლი, რომ ამ ოთხმა ადამიანმა, გარკვეულწილად, კონსტრუქციული მიმართულებით წაიყვანა პროცესი. იმიტომ, რომ დესტრუქციული ქმედებები, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის არის დამღუპველი. მით უმეტეს, იმ რთული ვითარების ფონზე, რომელიც მსოფლიოშია. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც, ვფიქრობ, ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი.“ – განაცხადა თამარ კიკნაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპელი სოციალისტები“ „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრების -ფრიდონ ინჯიას, ავთანდილ ენუქიძის, გელა მიქაძის და დავით ზილფიმიანის მიერ შეიქმნა.  ახალი პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა გუშინ, 9 იანვარს გაიმართა. ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს 9-წევრიანი შემადგენლობაც დამტკიცდა.  ესენი არიან: ფრიდონ ინჯია ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე, თამარ კიკნაძე, გიორგი მაღლაკელიძე, ბუხუტი ჭაჭუა, ვიქტორ ცაავა და ირაკლი უბილავა. პარტიის თავჯდომარე კი ფრიდონ ინჯია გახდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი