წიგნად ქცეული ,,ერთხელ ჰოლივუდში” – ტარანტინო რომანს წერს

ავტორი: კატო მალანია

ლეგენდარული რეჟისორი კვენტინ ტარანტინო საკუთარი ფილმის  მიხედვით წიგნს დაწერს. რომანად ის “ერთხელ ჰოლივუდში”–ის აქცევს. 

ტარანტინომ გამომცემლობა HarperCollins-თან ორწიგნიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც წიგნი 2021 წლის 29 ივნისს გამოიცემა. გამომცემლის თქმით, შექმნილი ტექსტი “ერთბაშად მხიარული, ბრუტალური და გემრიელად საკითხავია”.

ტარანტინოს თქმით, ფილმის წიგნად ქცეული ადაპტაციები პირველი ზრდასრულთა ლიტერატურა იყო, რომელიც მან 1970-იან წლებში წაიკითხა.

“ახლა ამ ჟანრთან უდიდესი სიყვარული მაკავშირებს”, — ამბობს რეჟისორი, — “ასე რომ, როგორც ფილმის ადაპტაციების გულმხურვალე ფანი, ამაყად გაცნობებთ, რომ ერთხელ ჰოლივუდში წიგნად იქცევა, როგორც ჩემი მცირედი წვლილი ამ ხშირად გარიყულ, თუმცა ბევრისთვის საყვარელ ლიტერატურულ ქვეჟანრში. ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ ჩემს პერსონაჟებსა და მათ სამყაროს უკეთ გავიცნობ ლიტერატურაში ბედის ჩემეული მცდელობით, რაც (იმედია) კინემატოგრაფიაში გასინჯულ კბილზე არანაკლები იქნება”.

გარდა საკუთარ ფილმზე შექმნილი რომანისა, ტარანტინო მეორე წიგნის — “კინოვარაუდის”  გამოქვეყნებასაც აპირებს, რომელიც არამხატვრული ტექსტია და წარმოადგენს “1970-იანი წლების ფილმების ღრმა განხილვას ესეებში, რეცენზიებსა და პირად წერილებში”. მასში ასევე თავმოყრილი იქნება “კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი რეჟისორისა და გულშემატკივრის ვარაუდები და სიუჟეტების ალტერნატიული ვარიაციები”.

HarperCollins-ის ვიცე-პრეზიდენტისა და მთავარი რედაქტორის, ნოა იკერის თქმით, “ტარანტინოს ლიტერატურული ნიჭი ნაწერის პირველივე გვერდებზე ნათლად ჩანს, თუმცა იმის დანახვა, თუ როგორ ოსტატურად აყალიბებს იგი საკუთარ პერსონაჟებს ფურცელზე და როგორ აოცებს მკითხველს გამუდმებით ყოველ შემდეგ გვერდზე, ორიგინალური ფილმის მოყვარულსაც კი აღიარებინებს უბადლო მთხრობელის მცდელობას, იპოვოს ახალი ფორმა და მისით გადმოსცეს სათქმელი”.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი