“ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება” – მეუფე იაკობი

“ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება.” – ამის შესახებ მეუფე იაკობმა იაკობ მოციქულის სახელობის ტაძრის კურთხევის დროს განაცხადა. მეუფე აღნიშნავს, რომ ისინი არ ჩარეულან არჩევნების პროცესში და გამარჯვებას ღირსეულს უსურვებდნენ.

“მოგეხსენებათ, ჩატარდა არჩევნები. არ ვაპირებ რომ მტყუან–მართალი ვეძებო, მაგრამ არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის გამოსავალი – ჩვენთანაც მოვიდნენ. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვიძახოთ კარგი გვინდა ქვეყნისათვის, მაინც მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს. ჩიხური მდგომარეობაა, რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მანამდე ხშირად ვამბობდი რთული იქნებოდა და პირდაპირ ჩანდა, ამას ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირებოდა. არჩევნების ჩატარებამდეც საკმარისად იყო გავრცელებული, რომ სხვადასხვა რეგიონში მიდიოდნენ. მაშინ იმატებდა დაავადებულთა რიცხვი. ღმერთმა თუ არ გვიშველა, რაც არ უნდა შეზღუდო არაფერი გვეშველება. ადრეც გაგვაფრთხილეს რამდენიმე კაცი იყო გარდაცვლილი, წესიერად რომ მოვქცეულიყავით, ამდენი მსხვერპლი არ გვექნებოდა”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

“ეს რაც ხდება ყველას დანაშაულია. ქართველი ხალხის გაყოფა არის მტრობა. უცხო ქვეყნები უფრო ხედავენ ეკლესიის როლს. ჩამოვიდნენ და ეკლესიის წარმომადგენლები ნახეს. ჩვენთან ეკლესიაში იყო განსაკუთრებული შეხვედრა. თვითონაც აღნიშნეს ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებული როლი და უწმინდესისადმი მხარდაჭერას ხაზი გაუსვეს. ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობები გვაქვს და ვცდილობთ, ქვეყნის სასიკეთოდ წარიმართოს პროცესები. ჩვენ არავისთან არაფრის დათმობები არ ვართ. არც მიდის დათმობაზე საუბარი.” –განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობი იმედოვნებს, რომ პოლიტიკოსები მუდმივი კონფლიქტებით ქვეყანას არ დაასუსტებენ. ის გამოთქვამს წუხილს, რომ ეკლესიაში რჩევით არც ერთი მხარე არ მისულა. ოპოზიციიდან თუ პოზიციიდან პატრიარქისთვის რჩევისთვის არცერთს არ მიუმართავს. მისი აზრით, ამგვარი მოქმედება ქვეყნისთვის მომავლისთვის სასიკეთო არ არის.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი