‘’დღეს პარლამენტში შესვლა ‘’ქართულ ოცნებაში’’ შესვლას ნიშნავს’’ – გიგი უგულავა

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ერთობლივი შეხვედრები შედგა და ახლა, ინდივიდუალური შეხვედრებისას უფრო თავისუფალი გარემოა სასაუბროდ, თუმცა დღის ბოლოს ჩვენი პარტნიორები ნახავენ, რომ ინდივიდუალურადაც ყველა პარტიის პოზიცია მტკიცეა და არავინ არ აპირებს არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.’’ – ამის შესახებ ‘’ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენელმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია ‘’ფორმულას’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ერთიანია ისე, როგორც არასდროს და მათ აერთიანებთ გაყალბებული არჩევნების ტრადიციის შეცვლის იდეა, მან ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან რეფორმების გატარების მცდელობა შედეგს არ გამოიღებს.

‘’არავინ არ მოელოდა იმას, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გამოვიდოდა და უარს იტყოდა მანდატებზე. ამ არჩევნებით ივანიშვილის ‘’ქართული ოცნება’’ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ვერ შეიძენს. ეს გაყალბებული არჩევნები უნდა იყოს ბოლო, ამას ძველი პარლამენტი შეცვლის თუ ახალი, კასტრირებული 90 კაციანი ‘’ქართული ოცნების’’ პარლამენტი, მნიშვნელობა არ აქვს. გვინდა, რომ არჩევნები აღარ ყალბდებოდეს და დღეს გვაქვს შანსი რომ ახალ საფეხურზე ავიდეთ. ეს არ არის ბრძოლა სკამებისთვის და თანამდებობისთვის, შიგნიდან გამოსწორების არანაირი რესურსი არ არსებობს, როცა თავიდანვე სიყალბეა. ამ პარლამენტში ჩვენი მონაწილეობა არის შეუძლებელი.’’ – განაცხადა უგულავამ.

მან ყურადღება გაამახვილა უცვლელ, 30 წლიან არჩევნების გაყალბების პრაქტიკაზე და განმარტა, რომ აქედან გამოსავალი პოლიტიკური პროტესტი და ერთობაა.

‘’მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს უცხოელ მეგობრებს განსხვავებული აზრისთვის, მაგრამ მე მინდა მათ შევახსენო, რომ არანაირი ინსტიტუციიური შესაძლებლობა სიტუაციის გამოსწორების არ არსებობს. ზოგადად, 30 წელიწადია ჩვენ ერთი და იგივეს გავდივართ, ოპოზიცია სულ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მერე ცხვრის ფარასავით შერეკავენ პარლამენტში. ჩვენ ჯერ არ გვინახავს შემდეგი არჩევნებისთვის პრაქტიკა გაუმჯობესებულიყო, სულერთია რომელი ხელისუფლების დროს. ერთადერთი წნეხი არის პოლიტიკური პროტესტი, ოპოზიციის ერთობა და ყველა პარტიის უარი პარლამენტში შესვლაზე არის ისტორიული გადაწყვეტილება.’’ – აღნიშნა გიგი უგულავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი