დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილი – ყველამ შევუწყოთ ხელი, რომ სიტუაცია დამშვიდდეს

ავტორი: ნანა წულაია

მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ, – ამის შესახებ შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილმა განაცხადა.

სოფელ ბუკნარში მდებარე ეკლესიაში სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

„ლოცვა ყოველთვის არის საკეთილდღეო. დღეს პარაკლისი ჩაატარეს მამებმა, რათა იყოს მშვიდობა. ეპარქიის პოზიცია და მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევა ასეთია – ყველამ შევუწყოთ ხელი, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, დაპირისპირება აღარ იყოს და ჩვეულებრივად გაგრძელდეს ურთიერთობა იმ მეზობელ ძმებს შორის, როგორც აქამდე იყო. მიეცეთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ. მათ შორის იყოს სიყვარული და ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ეს კონფლიქტი დასრულდება, თითქმის დასრულებულია. ჩვენ შორის იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა, როგორიც იყო აქამდე. ბუკნარში სახლი შეიძინა მუსლიმი თემის წარმომადგენელმა სალოცავად, როგორც შემდეგ განმარტეს. მოსახლეობას ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს იქ მეჩეთი უნდა გაკეთდეს და იმ გაგებით, რომ იქნებოდა ხმამაღალი ლოცვა, ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება. ზოგადად, კონფლიქტი არის ის, რომ ერთმანეთის არ გვესმის სწორად“, – განაცხადა დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი