“დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებიც არ იქნება დასაბუთებული” – შაქარაშვილის საქმის პროკურორი 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი – ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. დღეს 14:00 საათზე მოსამართლე  მაია ოშხარელმა 6 არასრულწლოვან პირს, რომლებიც 13 ნოემბერს სასამართლომ დამანაშავედ სცნო, სასჯელის ზომად პატიმრობა განუსაზღვრა.

პროკურორი ნანა გუგუტიშვილი დაცვის მხარის ბრალდებებს გამოეხმაურა. ადვოკატები დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მოსამართლე არასამართლიან და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა. დაცვის მხარის თქმითვე, ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. პროკურორის განცხადებით კი, ადვოკატების სააპელაციო საჩივარიც დაუსაბუთებელი იქნება.

რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებებს, მათ ჰქონდათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, მათი განცხადებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლებისკენ, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, არც კი ისურვეს მოესმინათ რაზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, მათ ისედაც იციან, რომ ბრალდებულთან მიმართებაში აშკარა, დამაჯერებელი მტკიცებულებებია, რომელიც სრულად საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის, რომ დამცველები აპირებენ აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას, ბუნებრივია, მათი განცხადებებიდან გამომდინარე. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი სააპელაციო საჩივრებიც არ იქნება დასაბუთებული, ვინაიდან აღნიშნული საქმე მათ არ აძლევთ ამის შესაძლებლობას”- განაცხადა საქმის პროკურორმა.

დღეს გიორგი შაქარაშვილს საქმეზე მსჯავდებულ ექვსივე არასრულწლოვანს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ყველაზე მეტი მსჯავრი “ტოიოტა კამრის” მგზავრებს აკაკი ქვრივიშვილსა და ზ.ხ–ს მიესაჯათ – 6 წელი და 9 თვე. მათ გურამ ამირახანაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედებოდათ ბრალად.

ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში სასჯელის ზომად – 5 წელი და 3 თვე განესაზღვრათ. ნიკოლოზ ქანაშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი