„დარწმუნებული ვარ, ვაქცინაცია პანდემიის მიმდინარეობაში დიდ გარდატეხას შეიტანს” – ამირან გამყრელიძე

ავტორი: ნანა წულაია

„ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია პანდემიის მიმდინარეობაში დიდ გარდატეხას შეიტანს.

„ეს ვირუსი ჯერ კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის, საჭიროა ამ 1 წლის გამოცდილების კარგი ანალიზი, რომ ჩვენ უფრო მომზადებული შევხვდეთ 2021 და 2022 წლებს. ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა.

მძიმე წელი იყო 2020 წელი მთლიანად მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, პანდემიები საუკუნეში ხდება ერთხელ, ორჯერ, მაგრამ განსაკუთრებული პანდემია იშვიათია. ზუსტად 100 წლის თავზე ძალიან დიდი პანდემიისა, რომელიც ისპანკას სახელწოდებით არის ცნობილი მას შემდეგ ამ მასშტაბის და სიდიდის პანდემია მსოფლიოში არ ყოფილა. ამ გამოწვევამ შეაზანზარა მთელი მსოფლიო, არამარტო ჯანდაცვის, არამედ ყველა მიმართულებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი