დაკავებული ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს

ავტორი: ნანა წულაია

ბიძინა ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა ბიძინა ესებუას უფლებადამცველებმა, იოსებ ჯანაშიამ და ხათუნა ჯანაშიამ დატოვეს.

„მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, შევხვდით დაკავებულს. ჯერ კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად მასალები გადმოგვეცემა მას შემდეგ, რაც მოხდება ბრალის ოფიციალური წარდგენა. ნივთმტკიცებები ამოღებულია მისი კუთვნილი მანქანიდან, ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს მას ჩაუდეს. მოგეხსენებათ, ის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იდგა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით ამ მანქანის საბარგული არ იკეტებოდა და თვლის, რომ სწორედ ამ დროს მოხდა იარაღის ჩადება. საუბარია ორ ხელყუმბარაზე და ას ცალ ვაზნაზე. რისთვის უნდა დასჭირვებოდა ბიძინას ეს მასალა საბარგულში?” – განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

გამოძიება „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაზე ძებნილის ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი