„დავით ფურცხვანიძის დაკავებით ჩემზე ზეწოლასა და დაშინებას ცდილობდნენ“ – მიხეილ რამიშვილი

ავტორი: ნანა წულაია

“მე თავიდანვე ვამბობდი, დანაშაულის არანაირი ნიშანი არ იყო, ეს იყო ჩემი დისკრედიტაციისთვის გაკეთებული“ – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, დავით ფურცხვანიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ ფურცხვანიძის დაკავებით, მასზე ზეწოლა სცადა.

„მისი დაკავება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ჩემზე მომხდარიყო გარკვეული ფორმით ზეწოლა, რომ ჩემი დაშინება. ჩემი ინფორმაციით, მასზე ჩემს გასაგონად ხორციელდებოდა გარკვეული ფორმით ვითომ ზეწოლა, რომ ჩემზე გაჟღერებულიყო, თითქოს მე ვიყავი აღნიშნული სურათების შეკვეთის მიმცემი, ორგანიზატორი და ვითომ როგორც ყველას კარგად გვახსოვს პროკურატურის განცხადება, რომ ეს ყველაფერი იყო სიყალბე, მიდიოდა გამოძიება და ყველა იმ პირზე, ვინც იყო ჩართული, მათ შორის ერთ-ერთი სუბიექტი ვიყავი, იქნებოდა აღძრული საქმე და ყველა მიეცემოდა პასუხისგებაში. მიზანი იყო ჩემი დაშინება და ის, რომ ამ საქმეს ჩამოვშორებოდი. მე თავიდანვე ვამბობდი, არანაირი ნიშანი არ იყო დანაშაულის, ეს იყო ჩემი დისკრედიტაციისთვის გაკეთებული“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა.

საქმე ეხება მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ სატელიტის ფოტოებს, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არის დამონტაჟებული და ყალბი. პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განმარტა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.

გამოძიების ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძემ, პირადი მოტივით, მტკიცებულების ფალსიფიცირება მოახდინა, თითქოს მის მიერ წარმოდგენილი ფოტოები 18-დან 22 ივლისის ჩათვლით სოფელ მაწევანის იმ ტერიტორიას ასახავდა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა აღმოაჩინეს და აღნიშნულ ფოტოებზე ავტომანქანა იმ ტერიტორიაზე არ იდგა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ფოტომასალა ფურცხვანიძემ შვილს დაამონტაჟებინა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი