დავით ზალკალიანი: რუსეთი ცდილობს დაამკვიდროს ნარატივი, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფოა“

ავტორი: თიკო ნოდია

“რუსეთი ცდილობს დაამკვიდროს ნარატივი, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, – მის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიაპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

„ისინი აქტიურად ცდილობენ ნარატივის დამკვიდრებას, რომ სიტუაცია საქართველოში არის განსხვავებული, ვიდრე უკრანიაში. აქედან გამომდინარე მათი ნარატივია, რომ საქართველო უნდა შეეგუოს „ახალ რეალობას” და დაიწყოს იმ ვალდებულებებზე საუბარი, რაც რუსეთს ეკისრება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და ამის გადატანა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში. ესაა მათი ნარატივი და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნებიან – უთხარი საქართველოს, დაივიწყოს ამ უსაფრთხოების საკითხის მუდმივი წინ წამოწევა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და შეეგუოს ამას, რომ არის ორი “დამოუკიდებელი სახელმწიფო” – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ სირთულეებთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მათი მხარდაჭერის მობილიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი, რაც გვაქვს და ჩვენი საქმიანობა უნდა შეფასდეს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც წელს ამ მიმართულებით დაიდო.

რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ახალი ტაქტიკური მეთოდით წინა პლანზე წამოწიოს აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლები და გვეუბნება – მათ ესაუბრეთ ძალის არგამოყენებაზე. ეს არის ერთგვარი ხრიკი, ნარატივი, რომელსაც ცდილობენ დაამკვიდრონ. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგები არ ვართ. ჩართულობის პოლიტიკა, იგივე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა წარმოდგენილი ეხმიანება იმას, რომ ჩვენ გვინდა იმ სიკეთეების გაზიარება ჩვენი აფხაზი და ოსი მეგობრებისთვის, რა სიკეთეებიც მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით, რა სიკეთეებიც მოაქვს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, თავისუფალ გადაადგილებას, უვიზო მიმოსვლას, რა სიკეთეც მოაქვს ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მიღებას, ესაა, რასაც მათ ვთავაზობთ, ესაა ის, რაც შესაძლებლობას აჩენს, ამაზე გვინდა საუბარი, რაც შეეხება ძალის არგამოყენების ვალდებულებას, ეს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებაა და კეთილი უნდა ინებოს რუსეთმა, რაც აქვს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულება, ის უნდა შეასრულოს, ისევე როგორც ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას. მაგრამ რას ვხედავთ ამ მიმართულებით?! შანტაჟს ჟენევის ყოველ რაუნდზე მოლაპარაკების მაგიდიდან ადგომას და ამ თემით სპეკულირებას და ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის შანტაჟში მოქცევა”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი