გურიის რწმუნებული – ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა

ავტორი: ნანა წულაია

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, მხარეებს შორის დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, – ამის შესახებ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

„შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ თანასოფლელები. მათ გაიხსენეს ისტორია, ძველი ურთიერთობები, ისაუბრეს იმის შესახებ, რომ უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. შეთანხმება შედგა. ქრისტიანები და მუსლიმები ილოცებენ ისე, როგორც ადრე. თუ იქნება ვინმეს მხრიდან რაიმე სახის პროვოკაცია, ეს ადმიანები ერთმანეთს დაუძახებენ. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე პირები მოახდენენ შესაბამის რეაგირებას, რათა არ მოხდეს ვითარების დაძაბვა“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

სოფელში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის  მუსლიმი თემის წარმომადგენლების სოფელში სალოცავის მოწყობის თხოვნას მოჰყვა.

ქრისტიანული თემის წევრები სალოცავის მოწყობის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა გუშინ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი მოგვარდეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი