გოჩა ლორთქიფანიძე – პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად კონტროლს ექვემდებარება

ავტორი: ნანა წულაია

„ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა ვირუსის ნიშნები არსად გამოვლენილა” – იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პენიტენციურ სისტემაში covid-19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად კონტროლს ექვემდებარება.

„დღეის მდგომარეობით, PCR ტესტირება ჩატარებულია ოთხ დაწესებულებაში. ეს არის არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის და გეგუთის დაწესებულებები. მინდა აღვნიშნო, რომ ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა ვირუსის ნიშნები არსად გამოვლენილა. ბოლოს, ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, განსაკუთრებით, რომ გეგუთი დაიცალა, რომ გეგუთში მძვინვარებს ეპიდემია და ა.შ. გეგუთი მართლაც დაიცალა, მაგრამ ჯანღისგან დაიცალა და გამოჩნდა რეალური სურათი, რაც გვაქვს და რის შესახებაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველთვის გატყობინებთ. კერძოდ, გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა და შეიძლება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება გამოიწვიოს. არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რაც არ უნდა პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში ვიყოთ და პოლიტიკურ მიზნებს ვემსახურებოდეთ, საბოლოოდ ამ ქვეყანაში მთლიანად საზოგადოება იზომება ჩემი, თქვენი ურთიერთობით და ქცევით, როგორ ვეპყრობით ჩვენ პენიტენციურ სისტემას და როგორი ადამიანები ვართ ჩვენ. ახლა, ამ წუთებში, როდესაც ვსაუბრობთ, ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N2 პენიტენციურ ქუთაისის დაწესებულებაში, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს უტარდებათ PCR ტესტირება და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ინტენსიური ტესტირება განყენებულად არის რაღაც პანაცეა”, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი