„გლობალისტ- მულტიმილიარდერთა კლასი თვლის, რომ თუ იქნება ერთიანი მსოფლიო მთავრობა, რომელსაც ისინი გააკონტროლებენ, მაშინ მათთვის წინააღმდეგობები მოისპობა“-დემურ გიორხელიძე

ავტორი: შორენა პირველი

კოვიდ-19-ის პანდემიისგან მომდინარე უმართავმა პროცესებმა თითქმის ყველა სფეროში ჯერ არნახული კრიზისი გამოიწვია და სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო მკვეთრი გახადა. საზოგადოებაში მწიფდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ  მსოფლიო გლობალისტ- მულტიმილიარდერთა კლასი შექმნილ ვითარებას საკუთარი ბნელი მიზნებისთვის იყენებს. ამას აღიარებს დავოსის მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი, თავის წიგნში  ”Covid-19: დიდი გადატვირთვა” , სადაც ის წერს: “მმართველი კლასი ცდილობს გამოიყენოს პანდემია, რათა განიმტკიცოს თავისი გლობალური დიქტატურა!“

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ წარმოუდგენილი რაოდენობის ფულის მფლობელებისთვის იმ ჩარჩოებში მოქცევა, რომელსაც სახელმწიფო აწესებს, მათთვის ხელისშემშლელია. „მიაჩნიათ, რომ თუ იქნება ერთიანი მსოფლიო მთავრობა, რომელსაც ისინი გააკონტროლებენ და თავიანთი ინტერესების ფარგლებში მოაქცევენ, მაშინ  წინააღმდეგობები მოისპობა, ამ მიზნის ხორცშესხმაში კი მათ ხელს ნაციონალური სახელმწიფოები და ძლიერი კონსერვატიული საზოგადოება უშლის.“-აცხადებს გიორხელიძე.  ანალიტიკოსის თქმით, მსოფლიო არასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ამ ფონზე თვალშისაცემია  ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მორიგი ტალღა ჩვენს სამეზობლოში, ყარაბაღის რეგიონში ვიხილეთ. რუსეთის გაძლიერების პარალელურად ნეოოსმანიზმის საფრთხე საქართველოს განსაკუთრებით საყურადღებო მდგომარეობაში აყენებს. ამ და სხვა მნიშვნელოვან გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე Neopress-ს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ესაუბრება:

-ბატონო დემურ, ერთ-ერთ თქვენს სტატუსში საუბრობთ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელ, კლაუს შვაბზე, რომელიც თავის წიგნში ”Covid-19: დიდი გადატვირთვა წერს: “მმართველი კლასი ცდილობს გამოიყენოს პანდემია, რათა განიმტკიცოს თავისი გლობალური დიქტატურა! ამგვარ მოსაზრებებს საზოგადოებაში ხშირად „შეთქმულების თეორიებს“ ეძახიან.  რას ფიქრობთ თქვენ?

 – ეს ბატონმა შვაბმა დაწერა, ის არ გახლავთ ვიღაც მოარული, ასე ვთქვათ, ზერელე ლიბერალი, ის არის დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენერალური დირექტორი, უახლოესი პირი „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“, ანუ იმ მილიარდელთა კლუბის, რომელიც ფინანსური და პოლიტიკური ბერკეტებით უზარმაზარი ძალის მფლობელია. ამიტომ არანაირი შეთქმულების თეორია აქ არ შეიძლება იყოს. ბატონი შვაბი ამბობს, რომ პანდემია და კრიზისი უნიკალური შემთხვევაა, რაც მმართველმა კლასმა ხელიდან არ უნდა გაუშვას. მათ ეს მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რათა საბოლოოდ შეძლონ იმ მიზნების მიღწევა, რომელიც გლობალისტებს არაერთი საუკუნეა აწუხებთ. დღევანდელი დასავლური გლობალიზმის იდეა არ არის საკუთრივ დასავლურ  წიაღში მომწიფებუილი, ეს არის ლეიბა ბრონშტეინის, ანუ ლევ ტროცკის მახინჯი იდეა, რასაც საბჭოთა კავშირში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  ბატონი შვაბი არც არაფერს მალავს. ეს არის უმაღლესი რანგის პროფესიონალის და საქმეში ჩახედული ადამიანის მიერ დაწერილი წიგნი. ის ამბობს, რომ  სოციალური იზოლაციით,  პირბადეებით,  შეზღუდვებით მოხდეს ადამიანთა კონსოლიდაციის ჩაშლა და წინააღმდეგობები ყველა ხერხით დაიძლიოს. გასაგებია, „ყველა ხერხში“ რას გულისხმობს. შვაბის ეს წიგნი მე მაგონებს კარლ მარქსის კომუნისტური პარტიის მანიფესტს, უბრალოდ სხვა ტერმინოლოგიაა. თუ იქ საუბარი იყო პროლეტარიატის დიქტატურაზე, ამ წიგნში ძალიან ვიწრო, მილიარდელთა კლუბის, ანუ, სულ რამდენიმე ათეული ადამიანის სრულ დიქტატურაზეა საუბარი.

-სანამდე მიდის ეს ყველაფერი და რის მიღწევა სურთ ამ გზით მათ საბოლოოდ?

 -აქ არის იდეები. იდეა ფულზე უარესია. იმ უზარმაზარი კაპიტალის მქონე ადამიანებს რა თქმა უნდა,  მოგების ინტერესი ნაკლები აქვთ. მათ არანახული ფული აქვთ. „ამაზონის“ მფობელს, ბეზოსს აქვს 185 მილიარდი, ცუკერბერგის და მასკის ქონებამ 100 მილიარდს გადააჭრაბა. როდესაც საქართველოს მთელი ეკონომიკა 17 მილიარდია, ეს არის წარმოუდგენილი რაოდენობის ფული. ბუნებრივია, მათთვის უკვე იმ ჩარჩოებში მოქცევა, რომელსაც სახელმწიფო აწესებს ტრადიციული გაგებით, მათთვის ხელისშემშლელია. მე დემოკრატიულ სახელმწიფოზე ვსაუბრობ და არა ტოტალიტარულზე. კანონის წინაშე ყველას ერთნაირი მიდგომა იყო ამერიკის ძალა. მაგრამ ეს ყველაფერი დაინგრა 80 -იან წლებში, უსუსტესი პრეზიდენტის, რეიგანის დროს. ნეოკონსერვატიულმა ძალებმა შენიღბული დერეგულაციებით დაიწყეს კორპორაციების გაძლიერება და მათ ყველაფრის უფლება მისცეს. კორპორაციებს შეეძლოთ სრულიად შეუზღუდავად შეესყიდათ ყველაფერი და ბაზარზე  დაეკავებინათ იმაზე დიდი წილები, ვიდრე იყო. როდესაც ასეთი რამ ხდება, ბაზარზე მკვიდრდება ძლიერის კანონი.

მარტივ მაგალითს გეტყვით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ვაშინგტონში ოფიციალურ ლობირებაზე 10 დიდი კორპორაციის მიერ დახარჯულია 500 მლნ დოლარი. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს, შედეგი სახეზეა! მათ უკვე აღარ უნდათ სახელმწიფო ჩარჩოები, მიაჩნიათ, რომ საფრთხეებია ძალიან ბევრი- მოსახლეობის რაოდენობა, ომები, და ა. შ. თუ არ იქნება სახელმწიფოები, თუ იქნება მსოფლიო მთავრობა, რომელსაც ისინი გააკონტროლებენ და თავიანთი ინტერესების ფარგლებში მოაქცევენ, მაშინ ეს წინააღმდეგობები მოისპობა. როგორც შვაბი მიუთითებს, ამის შემდეგ სოციალური ფუნქციები აღებულ უნდა იქნეს დიდი კორპორაციების მიერ, ცხადია ისევ საკუთარი ინტერესების გამო, მაგრამ ეს რომ განხორციელდეს, ამისათვის ხალხია ძალიან ბევრი. შემთხვევით არ არის საუბარი იმ „ოქროს მილიარდზე“, რომელიც უნდა დარჩეს. ეს თემა აღარ მინდა მეტად განვავრცო. შვაბის წიგნი 2020 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნია. ის ძალზედ პროფესიულად და სრულიად მოურიდებლად წერს, რადგან დგება მომენტი, როდესაც უნდა გაცხადდეს ის მთავარი და არაფერი საიდუმლო ამაში არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ შვაბის ამ წიგნის შემდეგ ე.წ. „შეთქმულების თეორიები“ არ არსებობს. ვინც კი განსხვავებულ აზრს ამბობს, ყველა პუტინისტად მოიხსენიება, ამ დროს შვაბმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. რეალურად კი საქართველოს მაგალითზე თუ ვიტყვით, ყველა პუტინისტი და ყველა პროსუსი ფაქტობრივად, დასავლურ ორიენტაციას ამოფარებული მაპატიეთ და უჩათლახესი საზოგადოებაა.

-ანუ, პანდემია არის გლობალისტების პროექტი, რათა  ერთიანი მსოფლიო მმართველობა განახორციელონ და ამაში მათ ხელს უშლით ნაციონალური სახელმწიფოები?

 -დიახ და ამას არავინ არ მალავს! ამაში ხელს უშლით არა მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოები, არმედ კონსერვატიული ელიტა, რომელიც შეერთებულ შტატებში ძალიან ძლიერია. ამერიკა თავისი არსით კონსერვატიულია, ისინი პურიტანების შთამომავლები არიან. ამერიკა ააშენა თავდადებულმა, რწმენაზე დაფუძნებულმა შრომამ, მაგრამ შემდეგ ეს ქვეყანა სხვა პრინციპებზე გადავიდა. დღევანდელი დასავლური სამყარო სრულიად არ არის ის, რაც იყო.

 -და დაიწყო აგრესიული ლიბერალიზმის გავრცელება…

 -დიახ, კლასიკური ლიბერალიზმის და კლასიკური კონსერვატიზმის თანწყობა დასავლურ სამყაროში  საუკეთესო შესაძლებლობას იძლეოდა. კონსერვატიზმი მკაცრად ჩაკეტილია თავის წარმოდგენებში, ლიბერალიზმი მას აწონასწორებდა და ბრწყინვალე შედეგი ჰქონდა. შემდეგ გაჩნდა პროპაგანდის მძლავრი იარაღი, პერსონალური კომპიუტერები და ხალხის ცნობიერების კორექცია აქტიურად დაიწყო. 30 წელია ჩვენ ვხედავთ ნეოლიბერლიზმის არანორმალურ გაქანებას, რომელიც ფაქტიურად, აგრესიული, შენიღბული ტოტალიტარიზმია. ტოტალიტარიზმი იმაში გამოიხატება, რომ ის არ ცნობს  განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც -ბოლშევიკები.

 -როგორია თქვენი დამოკიდებულება შეერთებულ შტატებში არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებისადმი? მოქმედი პრეზიდენტის მიერ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბარმა თავდაყირა დააყენა  წარმოდგენები „დემოკრატიის“ შესახებ. რა შეიცვალა ბოლო წლებში შეერთებულ შტატებში ისეთი, რომ დღეს მსოფლიო ამგვარ შოკისმომგვრელ და ხშირ შემთხვევაში სარკასტულ პროცესებს ადევნებს თვალს?

 -მე ალბათ ცოტა სხვანაირ შეფასებას გავაკეთებ, ჩემი რვასულიანი ოჯახის ხუთი წევრი ამერიკის მოქალაქეა, ამიტომ ამერიკელებს საუკეთესოს ვუსურვებ. მე გაყალბებებს ვერ შევაფასებ, მაგრამ რაც ახლა ხდება, 1860-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. ძალიან ძლიერი გლობალისტური ელიტა მსოფლმხედველობრივად დაუპირისპირდა არანაკლებ ძლიერ კონსერვატიულ ელიტას, გაჩნდა უფსკრული და შეთანხმებული თამაშის წესი მოირყა, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა ერქვა. ამიტომ არის, რომ ახლანდელი პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მძიმე განცხადებებს აკეთებს, სასამართლო პროცესი დაწყებულია. ამერიკელებს ვუსურვებ, რომ პოლიტიკური თანხმობა მიღწეულ იქნას, მაგრამ ამერიკა ვეღარ დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რაც აქამდე იყო, მორჩა, ის ამერიკა აღარ იქნება!

 -ტრამპი ხშირად საუბრობს, ე.წ. დიპსტეიტზე, ანუ, „ღრმა სახელმწიფოზე“, რომელიც  მართვას კულისებს მიღმა ახორციელებს. ეს ამბები აქამდეც გვსმენია, მაგრამ რაღაც მითიური საბურველით იყო შემოსილი…

 -ისინი არ მართავენ, ისინი არიან გავლენის ჯგუფები. დღეს სიღრმეში, ფარულად არსებული სახელმწიფოს მითიურობაზე საუბარი აღარ არის, რადგან ეს რეალობაა, ყველაფერი ზედაპირზეა. მათი გავლენა ყოველთვის უზარმაზარი იყო  და ახლაც ასეა. ყველანაირი შეთქმულების თეორია სანაგვეზეა გადასაგდები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რეალობაა. ამას ბატონი შვაბიც ადასტურებს.

 -მაგრამ საქართველოში ამაზე მეინსტრიმული მედია თუ პოლიელიტა  არ საუბრობს და არც აღიარებს…

 -საქართველო საუბედუროდ, არის თანამედროვე ტროცკიზმის გავლენის ქვეშ.  დესტრუქციული ხალხი, საკუთარ ქვეყანას 30 წელია ძირს უთხრის, ეს არის უბედურება. მსოფლიოში დღეს სხვა სიტუაციაა. მსოფლიო აღარ არის ერთპოლუსიანი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უზარამაზარი გადანაწილებები მიდის. არავინ არაფრის დამთმობი არ არის, თუმცა დიდი ომი პრაქტიკულად, გამორიცხულია, მასში ვინმეს წარმატების მიღწევის შეუძლებლობის გამო. ტექნოლოგიებს არა მხოლოდ ამერიკა ანვითარებს, ამ ბოლო პერიოდში რუსეთის წარმატებები იარაღის წარმოების თვალსაზრისით ამერიკაში განსაკუთრებულ შიშს იწვევს. ომი არავის უნდა, უზარამაზარი დანაკარგები იქნება. როგორი იქნება მსოფლიო რამდენიმე წელიწადში ვნახავთ. ეს იქნება აბსოლუტურად სხვა რამ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, არასდროს არ მოხდება იმ ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება, რომელიც იყო. დამთავრებულია, სულ სხვა რამ იქნება, რა იქნება ვერ გეტყვით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რით დასრულდება ეს სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება.

 -საქართველომ რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში? როგორ უნდა ავირიდოთ ის საფრთხეები, რაც გლობალური პოლიტიკური პროცესებიდან მომდინარეობს? ჩვენც ხომ საერთო „წისქვილში“ ვართ ჩაბმული და ფაქტობრივად არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია…

 -საქართველოს მუდამ ჰქონდა ერთი პრობლემა, რასაც მე ისტორიულ სიმახინჯეს ვუწოდებ. 30 წელია ქართული სახელმწიფო საკუთარ თავს თვითონვე უქმნის პრობლემებს და მერე ცდილობს მცდარი გზებით მის გადაწყვეტას. ბოლო ასი წლის განმავლობაში კატასტროფულმა პოლიტიკურმა შეცდომებმა საქართველოს ტერიტორიის ნახევარი დაგვაკარგვინა. ჩვენ დღესაც არ გვინდა გავიაზროთ ეს, კვალავ ვჯიუტობთ და ზუსტად იგივეს ვიმეორებთ, რაც ძალიან ცუდად დაუბრუნდება ქვეყანას, თუ რაიმე არ შეიცვალა. ჩვენ თვითონ დავიწყეთ მითამაშების პოლიტიკა, 90 -იან წლებში საკუთარი სახელმწიფოს ხერხემალაში გადატეხვამ ისევ ქართველების მიერ, რა შედეგი გამოიღო ვხედავთ. პოლიტიკური ელიტა მახინჯია, ძალზე მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, პრობლემები სერიოზულია, მაგრამ მე სულაც არა ვარ პესიმისტი. რაც უფრო დიდი კრიზისი იქნება, მით უფრო მალე გამოვა ქვეყანა აქედან, კრიზისს ქმნის ის მდგომარეობა, რომელიც დღეს მსოფლიოშია. ამ სიმძიმეს ჩვენ 2021 წელს ვნახავთ, ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები იქნება. ქვეყნის ეკონომიკის ტურიზმზე აგება, თავიდანვე განწირული იყო. მიუხედავად იმისა, რომ  2008-9 წლების მსოფლიო კრიზისის გამოცდილება არსებობდა, როდესაც გიგანტი ტურისტული ქვეყნები -ესპანეთი და საბერძნეთი ლამის გაკოტრდნენ, საქართველომ  ეს გზა გაიმეორა. ნეოლიბერალურ ჭაობიან შეხედულებებს ვართ აყოლილი  და დღესაც ტურისტებს ველით. ტურისტები კარგა ხანს არ იქნება, ამიტომ პრობლემები დიდი იქნება. ჩვენ საკუთარ რესურსებს არ ვითვისებთ და  სხვის იმედზე ვართ. სხვის იმედზე კი, როდესაც ფულს გიხდიან, გარკვეულ პირობებს გიყენებენ და შენ ვალდებული ხარ ეს პირობები შეასრულო. ამიტომ, მოდით რა, ჩვენს სიგლახეს სხვას ნუ დავაბრალებთ, ხან ჩრდილოეთში, ხან დასავლეთში. ხელისუფლებებს საკუთარი სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ნება არ ჰყოფნით. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით მშვიდ მდგომარეობაში, მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების დაპირისპირება არ დასრულდება. ამიტომ სახელმწიფო თუ გვინდა ქართველებს, კარგად უნდა გვესმოდეს ის კონტექსტები, რაც მსოფლიო პოლიტიკაში ხდება, არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც წითელ ხაზებს გადაგვალახვინებს რომელიმე მიმართულებით, რადგან არცერთი დიდი მოთამაშე საქართველოს არაფერს აპატიებს. მე ვგულისხმობ პოლიტიკას და არა საგარეო ორიენტაციას. საქართველო უნდა იყოს ცივილიზირებული სამყაროს ნაწილი, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცივილიზირებული სამყარო მარტო დასავლეთშია და სხვაგან არა, ძალიან დიდი შეცდომას უშვებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ღრმად კოოპერირებული ცივილიზირებულ სამყაროსთან. სანდო პოლიტიკოსები უნდა იძლეოდნენ სიგნალს, რომ ამ ქვეყნიდან საფრთხე არავის ელის. ჩვენ ვთამაშობთ იმას, რასაც პოლიტიკაში  „თამაში ნულოვანი ჯამით“ ჰქვია. როგორც პატარა ბავშვი,  ხან -აქეთ, ხან-იქით უაზროდ ვიღაცას ვეტმასნებით  და ვაგებთ. ვნახოთ, რა იქნება, თუმცა სიტუაცია ძალიან რთულია.

 -მინდა გკითხოთ ყარაბაღში განვითარებულ პროცესებზეც. რა ახალი გეოპლიტიკური რეალობა შექმნა ყარაბაღის პრეცენდენტმა რეგიონში და რა გავლენას მოახდენს ის საქართველოზე?

 -ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოქმედებს. მათ შორის დაპირისპირება დღეს ძალიან მძაფრია. ქართული სახელმწიფო რომ უსაფრთხო მდგომარეობაში იყოს, მას კარგად უნდა ესმოდეს ამ დაპირისპირების მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნები და მისი ყველა ნაბიჯი შესაბამისად იდეოლოგიით გონებადაბნელებიული არ უნდა იყოს. სამხრეთ კავკასიაში მდგომარეობა შეიცვალა, რუსეთის ყოფნა გაძლიერდა. არ გამართლდა იმედები, თითქოს თურქეთი რაღაც ადგილს დაიკავებდა. მისი ადგილი სიმბოლურია და არ აძლევენ უფლებას იარაღიანი ხალხი შეიყვანოს. დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის გაგრძელდდება, მათ შორის მეგობრობა წარმოუდგენელია სხვადასხვა ინტერესთა გამო, მიუხედავად იმისა, რომ ერთმხრივ თანამშრომლობენ. თურქების საქციელი  ძალზე აშინებს მთელ მუსლიმანურ სამყაროსაც კი და  ქართველებს უხარიათ უტვინობის და უპასუხისმგებლობის გამო. ნეოოსმანიზმი ზარავს მუსლიმანიურ სამყაროს და ყველანაირად ეწინააღმდეგებიან, ქართველი იდეოლოგიზირებული, ვითომ დასავლეთზე ორიენტირებული ხალხი არც ნეოოსმანიზმს იცნობენ, არც პანთურქიზმს და არც პანისლამიზმს. ისინი აზროვნებენ პრიმიტიულად, თურქეთი ნატოს წევრია, ჩვენი მეგობარია და  თუ თურქეთი შავი ზღვიდან დაუვლის, ხოლო ჩვენ- მარჯვნიდან, რუსეთს დავარტყამთ, გავანადგურებთ და ბედნიერად ვიცხოვრებთ ჩვენ და თურქები. აი, ასეთია ქართული პოლიტიკა…

-ნეოსმანიზმის საფრთხეს საერთოდ არ აღიარებენ ის ხალხი, ვისზედაც თქვენ საუბრობთ…

 -ეს საფრთხე მთელს მსოფლიოში გაცნობიერებული აქვთ  და ეწინააღმდეგებიან, მათ შორის სუნიტი ქვეყნები. არავის არ უნდა ის შვიდასწლოვანი იმპერიის ძლიერების მობრუნება, საკმაოდ კარგად ახსოვთ, რა იყო ეს იმპერია. ნეოოსმანიზმის იდეა ცოცხალია, ეს რეალობაა. ყველა პოლიტიკა, მათ შორის საქართველოში, ნეოოსმანიზმის დროშის ქვეშ მიმდინარეობს, მაგრამ გეოპლიტიკური ინტერესები განსხვავებულია. ქართველებს ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს,  მაგრამ ამის არაფერი გვეტყობა, ჯერ კიდევ თავის დასაკლავი დანის ლესვაში ვართ…

 -პომპეოს საქართველოში ვიზიტი ყარაბაღის მოვლენების გეოპოლიტიკურ კონტექსტში ჯდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთის გავლენები სუსტდება სამხრეთ კავკასიაში და უკან იხევს?

 -მე არ ვფიქრობ, რომ შესუსტდა, შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ინტერესები  ვერ შეიცვლება, რა თქმა უნდა, გარკვეული მონაცველობა გავლენების ხარისხის მიხედვით შეიძლება იყოს, მაგრამ დაპირისპირება არ იხსნება, ეს გაგრძელდება. მართალია, სირიაშიც და ამ რეგიონშიც ამერიკელებმა გარკვეულწილად უკან დაიხიეს, მაგრამ არსად არ წასულან, ამასაც თავისი ღრმა მიზეზები აქვს და არა ის, რომ ვიღაცა ვიღაცას მოერია.

რა თქმა უნდა, პომპეოს ვიზიტი პირველ რიგში გეოპლიტიკას უკავშირდება. შეერთებულ შტატებს ასევე აქვს პრობლემები ირანთან. ვაშინგტონში საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ეს ურთიერთობები გამწვავდეს. ჩვენ არც ირანთან ომი და არც აზერბაიჯანის და თურქეთის დახალოება არ გვაწყობს.

 -აზერბაიჯანი  რეალური დამოუკიდებლობის მქონე ქვეყანაა. ბოლო მოვლენების გათვალიწინებით, როგორ ფიქრობთ, გაიზრდება თუ არა თურქული გავლენები ამ აზერბაიჯანზე?

-ეს მონათესავე ხალხია, ამიტომ ისინი ყოველთვის კარგ ურთიერთობაში იქნებიან, თუმცა  ვერ დაახლოვდებიან, იმიტომ რომ ფასია გადასახდელი. საბოლოო ჯამში, თუ სხვა გამაწონასწორებელი არ იქნა, აზერბაიჯანელები ისევ ნეოოსმანიზმის ფრთის ქვეშ აღმოჩნდებიან და ეს  მდიდარი ქვეყანა ფაქტობრივად, დაასრულებს დამოუკიდებელ არსებობას. ისინი მონათესავე ხალხია, მაგრამ დღეს ეს დაახლოება შეჩერებულია. არ გამოვიდა ის, რის იმედიც ზოგიერთ ქართველს ჰქონდა, რომ თურქეთი კავკასიაში შემოვიდოდა  და გაძლიერდებოდა. თურქეთი ამ ეტაპზე  კავკასიაში ვერ შემოვა, თუმცა მომავალში რა მოხდება ღმერთმა იცის და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეკონომიკური თვალსზრისით კი მოგეხსენებთ, საქართველო ერთ მხრივ თურქეთზეა ჩამოკიდებული და მეორე მხრივ, რუსეთზე.

აზერბაიჯანი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების ინტერესებიდან გავა. რუსეთი და შეერთებული შტატების ინტერესების იგნორირებას აზერბაიჯანი პრაქტიკულად, ვერ მოახერხებს. ჩვენი მდგომარეობაც დამოკიდებულია ამ მთავარი მოთამაშეების დაპირისპირებასა და ურთიერთობის ხარისხზე. თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ შეგვიძლია კონსტრუქციული როლის თამაში. ჩვენ კი გალახული პატარა  ბავშვივივით ვიქცევით, რომელიც მეზობლის დიდი ბიჭის იმედად არის დარჩენილი, ჩვენს გამლახავებს რომ გალახავს. ეს ფსიქოლოგიაა  დღეს საქართველოში და  რა შედეგებს იძლევა კი ვხედავთ კარგად.

 -ყოფით თემას რომ დავუბრუნდეთ, ლოკდაუნი როგორ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე?

 -ეკონომიკის თემა დღეს არ არის მთავარი, მთავარია ხალხი გადარჩეს. მე კარგად ვერ ვგებულობ, თუ კი ეს ყველაფერი მაისში და ივნისში კონტროლირებადი იყო, რა მოხდა შემდეგ, ასეთი აფეთქება რატომ  უნდა ყოფილიყო, ეს ძალიან დიდ ეჭვს ბადებს. ახლა ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით.

 -რის ეჭვი გიჩნდებათ?

 -რატომ არ იქნა ეს სიმკაცრე მანამდე გამოჩენილი, ვერ ვგებულობ, ეს ძალიან მაფიქრებს.

-ანუ, ისევ ისევ „ზემოდან“ დაგეგმილი პანდემიის პროექტამდე მივდივართ?

-არ მინდა  ამ თემაზე ვისაუბრო, ადრე თუ გვიან ყველაფერი ცნობილი გახდება. იმის გამო, რომ ლიდერების მიმართ ნდობა დაბალია, ჩვენ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგებით…

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი