„გირჩი“ და „მოქალაქეები“ დღეს კონსულტაციებს გამართავენ

ავტორი: თიკო ნოდია

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ დღეს კონსულტაციებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი ავრცელებს.

ამ ორი პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს პირველად შედგება და ისინი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხს განიხილავენ.

შეხვედრის შესახებ კომენტარს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩიაც აკეთებს და განმარტავს, რომ პარლამენტში შესვლის პირობა არ შეგვიცვლილა და კონსულტაციების მთავარი მიზანი ადგილობრივ არჩევნებზე ოპოიზიციის ერთიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებაა.

“ჩვენ პარლამენტში შესვლის პირობა დიდი ხნის წინ გვაქვს ნათქვამი და არ შეგვიცვლილა. პირველივე დღიდან ერთი და იმავე აზრზე ვართ. ჩვენი ამოცანაა, გავარკვიოთ ზოგადად, რა უნდათ პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას, რა უშლის ხელს შეთანხმებას, რომ ყველა, 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდეს შეთანხმებულად და იქ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რადგან მარტო „გირჩის“ შესვლას და უმცირესობაში ყოფნას დიდი აზრი არ გააჩნია.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოლაპარაკების დროს, რომ იყოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ ეს მოთხოვნა გვაქვს და გვინდა, დაველაპარაკოთ არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილს, არამედ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლებასაც, თუ რა კონტრარგუმენტი აქვთ მათ ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი პლებისციტი, რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, მაშინ დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას, რადგან გამოვა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე.”- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი