გიორგი ვაშაძე – კრიზისის განმუხტვის გასაღები “ქართული ოცნების“ ხელშია და არა ოპოზიციის

კრიზისის განმუხტვის გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში და არა ოპოზიციის ხელში, ეს ყველას უნდა გვესმოდეს”, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის თქმით, ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები პოზიციების უკეთ დაფიქსირებისთვის ტარდება.

“არ მგონია, რომ აქ რამე განსაკუთრებული ხდებოდეს. ალბათ, უფრო მეტი დრო რომ იყოს ინდივიდუალურად ყველასთან სასაუბროდ, რადგან საერთო ფორმატი როცა არის, შეიძლება დრო არ არის საკმარისი, რომ ყველამ სრულფასოვნად გამოხატოს საკუთარი პოზიციები. ჩვენ ჩვენი შეთავაზება უკვე გავაკეთეთ და ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, კრიზისის განმუხტვის გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში და არა ოპოზიციის ხელში, ეს ყველას უნდა გვესმოდეს,”- აღნიშნა ვაშაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ოპოზიციური ერთობა თუ რომელიმე პარტია პარლამენტში შევა, ვაშაძემ განაცხადა, რომ ასე თავზეხელაღებით ამას ვერცერთი ოპოზიციური სუბიექტი ვერ გადაწყვეტს.

“მე მგონია, ამ პირობებში, რაშიც ჩვენ ახლა ვართ, ასე თავზეხელაღებით, პირდაპირ პარლამენტში შესვლას ვერავინ გადაწყვეტს. წარმოუდგენელია, რომ ვინმე ადგეს და შევიდეს პარლამენტში. შეთანხმება საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, პროცესის ნორმალიზება მოხდეს,“- განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი