“გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ?” – ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

ქართველი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. აღნიშნულ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. მედიის ცნობითვე, ანანიაშვილი პარალელურად ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც რჩება.

როგორც ნინო ანანიაშვილმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მისი გადაწყვეტილება პოლიტიკასთან კავშირში არაა.

“ველი კრიტიკას, მაგრამ მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, აქ ვიქნები თუ იქ, არ შევიცვლი და ამაზე ხშირად მისაუბრია. 15 წელია არც წარმოდგენა გამიმართავს იქ და სულ უარს ვამბობდი. მაგრამ მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. ახლა ალბათ ყველას ყველაფერი დაავიწყდება და არც გაიხსენებენ ამას. არც ჩემს გამოსვლებს იგივე ამერიკული მედიით, სადაც მე მუდამ საქართველოს დაცვის პოზიციიდან ვლაპარაკობდი. კიდევ ვიმეორებ, მე არ მივდივარ მხოლოდ იქ. მე ისევ ვრჩები საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელად და ვიქნები ნოვოსიბირსკის ბალეტის ხელმძღვანელიც. ასე ჩაიწერება ჩემს CV-შიც. და მე მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ. სხვათა შორის, სპეციალურად დავთანხმდი იმიტომაც, რომ ეს არ იყო დიდი ქალაქი. თუმც კი, ციმბირია, საკმაოდ რთული მხარე და ყველა გამოწვევა გავიაზრე – ოღონდ იმ მოტივით, რომ საქმეს კი არ გავაფუჭებ ამით, არამედ პირიქით” – განაცხადა ნინო ანანიაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, – ხომ არ უკავშირდებოდა ამ კარიერულ სიახლეს ცოტა ხნის წინ მისი მეუღლის – გრიგოლ ვაშაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტის დატოვება, – ანანიაშვილმა უპასუხა, რომ “არანაირი კავშირი არაა”.

“არც კი ვამბობდი, რომ ასეთი წინადადებები მქონდა. ის ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა, თუმცა, ძალიან განიცდის, რადგან ხვდება, რომ ეს გამოიწვევს ჩემს მიმართ უარყოფით ტალღას, თუმც კი, ჩემი აზრით, უსამართლოდ. მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის. მგონი, რომ შემოქმედი ადამიანები გამიგებენ. რითაა ცუდი, რომ ჩვენი წარმატებული ნიკო ცისკარიძე გამოვიდეს და საქართველოს სახელით ილაპარაკოს? ან სხვა ვინმე გამოჩენილი ქართველი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, რატომ უნდა გავაკრიტიკოთ? ასე მოიტანა ცხოვრებამ – ზოგი იქ დარჩა, მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და აქ წამოვედი. თან მაშინ, როცა აქ არაფერი ხდებოდა, არც სინათლე იყო, არც გაზი. მაშინ მე არც მიხეილ სააკაშვილს ვიცნობდი, არც ჩემი ქმარი იყო პოლიტიკაში, მე კი უკვე ვიყავი ნინო ანანიაშვილი. თუმცა, არც ის დაბრუნება ყოფილა ადვილი,არც სახლი გვქონდა აქ და ერთი წელი სახლს ვქირაობდით” – აღნიშნა ანანიაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” მიცემულ ინტერვიუში. 

ინტერვიუ სრულად

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი