‘’გახარიამ და მისმა მრჩევლებმა ახლა დაიწყეს სხვების მოსმენა, როცა გაუჭირდათ’’ – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’გახარია და მისი მრჩევლები არ უსმენდნენ არავის, ახლა დაიწყეს მოსმენა, როცა გაუჭირდათ, მაგრამ თავდაპირველი მიზანია პოლიტიკური ქულების დაწერა. იმ ადამიანს, ვისაც ჯანდაცვისა და საზოგადოების ინტერესი აქვს, საკმარისი დრო ჰქონდა სიტუაციის გამოსასწორებლად.’’ – ამის შესახებ ‘’ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია ‘’ფორმულას’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, გაზაფხულის ჩაკეტვა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯი იყო და ასეთ კრიტიკულ ვითარებაში ისე უნდა მოხდეს ეპიდემიის მართვა, რომ ეკონომიკას ნაკლები ზიანი მიადგეს.

‘’კარგი მენეჯმენტი გულისხმობს იმას, რომ მართო ეპიდემია ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენო ეკონომიკას. გაზაფხულიდანვე მთავრობამ ეპიდემია არასწორად მართა, პირველი ჩაკეტვა სრულიად გაუმართლებელი იყო. ამან მიგვიყვანა აჯანყებამდე, მთავრობამ გადაჭრა ის სასუნთქი მილი, რომელზეც ძალიან ბევრი ოჯახი იყო დამოკიდებული. ეს სასოწარკვეთაც საზოგადოებაში აქედან გამომდინარეა.’’ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მან ყურადღება მედპერსონალის ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა მთავრობის მიერ კონკრეტული გეგმის შემუშავების მნიშვნელობას დღევანდელ რეალობაში.

‘’8-9 თვის განმავლობაში მთავრობას არაფერი გაუკეთებია, ყველაზე მთავარია ახლა შეიმუშავოს კონკრეტული გეგმა. მედპერსონალის თავგანწირვაზე არ უნდა გადადიოდეს ყველაფერი. მათი ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმები უნდა იყოს საავადმყოფოში აწყობილი. ადეკვატური ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით არ იქნა გადადგმული.’’ – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი