“გაუფრთხილდეს ოპოზიცია ერთადერთ სიკეთეს, ანუ ერთიანობას” – გია ხუხაშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ხელახალი ან რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური თუ კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ახლა ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზციის ხელში მთავარი აქტივი მათი ერთიანობაა.

“ოპოზიციის ორივე ტაქტიკას, როგორც პარლამენტში შესვლას ისე მის ბოიკოტირებას, აქვს არსებობის უფლება და ორივე მისაღებია და ორივე მთავრდება უცილობლად, მინიმუმ რიგგარეშე არჩევნებით, ასეთია დღეს მოოცემულობა. აქ მნიშვნელოვანია, რომელი ტაქტიკაა პოლიტიკურად უფრო სწორი და მომგებიანი,  ყველა რისკის გათვალისწინებით. მაგრამ მხოლოდ პოლიტიკურ მოგებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, არსებობს სახელმწიფოებრივი რისკებიც, ამიტომ ეს ყველაფერი კარგად უნდა აიწონ–დაიწონოს. ერთადერთი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, არის ერთიანობა. თუ ერთიანობა დაირღვა, ზოგი შევიდა პარლამენტში და ზოგი არა, ხელისუფლება შესულებსაც მოგუდავს და არშესულებსაც. შესაბამისად ოპოზიციის ერთიანობა არის ერთადერთი, რისიც ეშინია ხელისუფლებას და მუშაობს ამაზე, რომ შიგნით შეიტანოს არეულობა და დაქსაქსოს” – აღნიშნა ხუხაშვილმა

ექსპერტის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ლარის გაუფასურება , კორონა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სექტორის კრიზისი, ქართულ ოცნებას საშუალებას მისცემს ხელი ოპოზიიცისკენ გაიშვიროს და ყველაფერი მათ პარლამენტში არ შესვლას დააბრალოს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ გამოსავალი საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

“სახელმწიფო რისკებიდან გამომდინარე, მე იმისკენ ვიხრები, რომ ოპოპზიციამ კი არ აღიაროს არჩევნების შედეგი, არამედ დე–ფაქტო ვითარება იქნეს აღიარებული და ქუჩიდან პროცესი გადავიდეს პარლამენტში. შეიქმნას  საგამოძიებო კომისია, რომელიც დადებს საბრალდებო დასკვნას, ფაქტობრიბად. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომლის შინაარსიც უნდა იყოს შემდეგი : თუ საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ისეთი, რამაც შეცვალა მთლიანად შედეგი, მაშინ ისინი დათანხმდებიან რიგგარეშე არჩევნებს. თუ ამ პირობით შედგა შეთანხმება, ჩემი აზრით, ოპოზიცია შეიძლება შევიდეს პარლამენტში. ამით სახის შენარჩუნაბაც მოხდება და სახელმწიფო რისკებიც მეტად იქნება დაზღვეული” – განმარტა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ გადაწყვეტს, მთავარი მათი ერთიანობა იქნება.

“თუ ქუჩაში დარჩებიან, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ სწორად უნდა შეაფასონ შესაძლებლობები. ოპოზიციაც შეიძლება ჩავარდეს მათთვის არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში. ოპოზიცია შევა თუ არ შევა, მთავარ სიკეთეს გაუფრთხილდნენ, ანუ ერთიანობას. ერთიანობის გარეშე მათ ტაქტიკაზე და სიმართლეზე საუბარს აზრი არ ექნება” – აღნიშნა მან.

 

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი