გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძრის თავიდან აცილების მიზნით, უსაფროების წესები მაქსიმალურად დაიცვან

ავტორი: ნანა წულაია

დასავლეთ საქართველოში ტყის მასივებსა და სავარგულებში ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, უსაფროების წესები მაქსიმალურად დაიცვან.

უწყების ინფორმაციით, გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა შემცირებულია, გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

ამასთან, სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიბებში ჩართულ ადამიანებს მადლობას უხდის.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ ხანძრების ჩაქრობის სამუშაოებს.

ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე სპეციალისტებს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიბებში ჩართულობისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან 8 იანვრამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის 13 შემთხვევა დაფიქსირდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ტყის ფონდში ხანძრის გავრცელების წინასწარი ფართობი 200 ჰექტარს შეადგენს. ამ დროისთვის, რჩება რამდენიმე ღია კერა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო. ზუსტი მონაცემები ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ ცნობილი გახდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი