გაეროს მონაცემებით, 40%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პანდემიის გამო ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ

ავტორი: კატო მალანია

კოვიდ-19 პანდემიის გამო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ, მსოფლიოს მასშტაბით 40 %-ით გაიზარდა, – ამის შესახებ გაეროში აცხადებენ.

ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ასეთი ადამიანების დასახმარებლად დაახლოებით 35 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო.

„ყველა, ვისაც მომავალ წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება ერთ ქვეყანაში რომ ცხოვრობდეს, ეს მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ქვეყანა იქნებოდა”, – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელმა, მარკ ლოუკოკმა.

მისივე თქმით, პანდემიამ, განსაკუთრებით ყველაზე არამყარი და დაუცველი ქვეყნები დააზარალა. გაერომ ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2021 წლისთვის 56 ქვეყნაში 160 მილიონამდე ადამიანის დახმარებას ითვალისწინებს. ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ყველაზე დაუცველი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შიმშილის, კონფლიქტების, კლიმატის ცვლილებებისა და კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების წინაშე იდგებიან, მთელს მსოფლიოში, საერთო ჯამში, დაახლოებით 235 მილიონი იქნება, საიდანაც გაერო დაახლოებით 160 მილიონი ადამიანის დახმარებას შეძლებს.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მივაღწიოთ გაჭირვებულთა დაახლოებით ორ მესამედამდე, რადგან სხვები, მაგალითად, წითელი ჯვარი, შეეცდება დარჩენილი ხარვეზი შეავსოს”, – აღნიშნა ლოუკოკმა.

მისივე თქმით, იმ პრობლემებს შორის, რის მოგვარებასაც გაერო ცდილობს, მთავარია შიმშილის აღმოფხვრა იემენში, ავღანეთში, ჩრდილო – აღმოსავლეთ ნიგერიაში, სამხრეთ სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბურკინა ფასოში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი