“გადაწყვეტილება შეზღუდვების შესახებ, ნიშნავს ასიათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას” – რესტორანტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ნებისმიერი დამატებითი გადაწყვეტილება შეზღუდვების შესახებ, ნიშნავს ასიათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას” – ამის შესახებ რესტორანთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს განუცხადეს, რომ სარესტორნო სფერო კორონავირუსის გავრცელების რისკებს ზრდის და წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება თავყრილობების შესამცირებლად აუცილებელია.

“მინისტრების მხრიდან უცხოეთის მაგალითები იქნა მოყვანილი წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, შაბათ -კვირის აკრძალვა, რესტორნების მუშაობის დროის შემცირება და მიტანის ფორმატზე გადასვლა. ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა, ამ სფეროს „ლოქდაუნს“ ნიშნავს. დღესდღეობით რესტორნების დიდი უმრავლესობა მინუსზე მუშაობს, დაკეტვის შემთხვევაში მათ ვერ შეუმსუბუქდებათ საბანკო თუ სხვა ვალდებულებები და უფრო მეტი ფული ექნებათ სახლიდან მოსატანი. მე მარტივად განვუმარტე, რომ გადაწყვეტილება შეზღუდვების შესახებ, ნიშნავს ასიათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას. დილემური საკითხია და აუცილებელია ოქროს შუალედის გამონახვა, ამიტომ მსჯელობა გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან ელოდებიან ინიციატივებს, რომელიც სიტუაციას გაანეიტრალებს და შეზღუდვების საჭიროებას მოხსნის და საბოლოოდ ერთობლივად მივალთ კონსენსუსამდე” – აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით კერძო სექტორთან შეხვედრებს მართავს. სარესტორნო ბიზნესის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი