“გადავწყვიტე დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა” – ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” დატოვა

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება” – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველოს” დატოვების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებთან გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

მისი თქმით, არ აპირებს სხვა რომელიმე პარტიაში გადასვლას და გეგმავს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შექმნას. მანვე განმარტა, რომ პარლამენტში შესვლას არ განიხილავს და რჩება ოპოზიციური ერთობის ერთგული.

“პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში და ასევე ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. სპეკულაციები რომ არ მოყვეს, ვიტყვი, რომ არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს, ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა და აქტვიზმი, ასევე ერთიანი, მტკიცე, კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას” – განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ ყველა თანაპარტიელს და აქტივისტს, რომელთანაც მთელი ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობდა, მადლობა გადაუხადა

“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო “ევროპულ საქართველოს”, გუნდს, რომელშიც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება,რომელთან ერთადაც  გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები. მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა იმ აქტივისტს, რომელიც ამ პარტიაში ჩემთან ერთად იბრძოდა” – აღნიშნა ხოშტარიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი