ბიძინა ივანიშვილი – ოპონენტებმა მოახერხეს, რომ შენება-ნგრევად, ხოლო ქველმოქმედება-მომხვეჭელობად გამოეცხადებინათ

ავტორი: ნანა წულაია

ვარჩიე, რომ ოპონენტების სამიზნე ისევ მე ვყოფილიყავი და არა ფონდი, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, აქტივების მართვას ფონდი გააგრძელებს მანამ, სანამ შესაფერის წინადადებას არ მიიღებს.

„ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომელიმე აქტივზე დროზე ადრე უარის თქმას და ნაადრევად დაბალ ფასში გასხვისებას – თუ ბიზნესის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება საგრძნობლად დაბალი იქნება მის საბაზრო ფასთან შედარებით, ფონდი გააგრძელებს მის მართვას მანამ, სანამ შესაფერის წინადადებას არ მიიღებს. სასტუმროების შემთხვევაში, შესაძლოა, უკეთესიც იყოს მათი რამდენიმე წლის შემდეგ გასხვისება, რადგან პოლიტიკურ სტაბილურობასთან და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მათი ფასიც გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში, ისევ ფონდის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების ხარისხზე და მასშტაბებზე ჰპოვებს დადებით ასახვას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ფონდს თანხის ნაცვლად აქტივების შეტანით დარტყმა აარიდა, რადგან არ უნდოდა, ფონდის იდეისთვის ვინმეს ჩრდილი მიეყენებინა.

„სავსებით გაცნობიერებულად ვარჩიე, ეს დარტყმა საკუთარ თავზე ამეღო. გახსოვთ, კრიტიკისა და ლანძღვის რა ნიაღვარი მოდიოდა ჩემი მისამართით შავი ზღვისპირეთსა თუ თბილისში მიმდინარე ტურისტულ პროექტებზე. ოპონენტებმა მოახერხეს, რომ ჩემს შემთხვევაში, შენება – ნგრევად, ხოლო ქველმოქმედება – მომხვეჭელობად გამოეცხადებინათ. ამიტომ ვარჩიე, რომ მათი სამიზნე ისევ მე ვყოფილიყავი და არა ფონდი. ახლა კი, როცა საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან, ამ გადაწყვეტილებას უფრო თამამად ვღებულობ და მშვიდად ვარ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი