ბექა ლილუაშვილი – 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით 1,4 მილიარდ ლარზე მეტი რესურსის დახარჯვა არის გათვალისწინებული 

ავტორი: ნანა წულაია

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით 1,4 მილიარდ ლარზე მეტი რესურსის დახარჯვა არის გათვალისწინებული – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებები, ასევე, კერძო სექტორისთვის და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საგადასახო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

„გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის ზრუნვასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიზანი პანდემიის შედეგად ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციაა. ამ პროცესში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა და მათთვის სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება. სწორედ ამ მიზნის ფარგლებში ანტიკრიზისულ ღონისძიებებს ეტაპობრივად ვახორციელებთ, რომელიც ოთხ ეტაპად ტარდება. მიმდინარე წლის განმავლობაში ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით 2.8 მილიარდი ლარი დაიხარჯა და აღნიშნული თანხა სხვადასხვა საკომპენსაციო ღონისძიებებს მოხმარდა.

ზუსტად იგივე სულისკვეთებაა ასახული 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, სადაც ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით 1.4 მილიარდ ლარზე მეტი რესურსის დახარჯვა არის გათვალისწინებული. ამ ღონისძიებების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, შესაბამისად, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილება ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ეტაპზე დაგეგმილი სხვადასხვა სახის ბიზნესის მხარდაჭერილისთვის საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც კერძო სექტორისთვის და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საგადასახო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ზეწოლა და წნეხი მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეების დასაქმების სწრაფად აღდგენას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებს ის კონკრეტული ინიციატივები გააცნო, რომლებიც ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. საუბარია, როგორც გარკვეული ოდენობის ხელფასის მქონე პირების საშემოსავლო გადასახადების საკითხებზე, ასევე საიჯარო და სალიზინგო ხელშეკრულებების დღგ-ს დაბეგვრასა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე.

ლილუაშვილის განცხადებით, ცვლილებები საბაჟო და საგადასახადო პროცედურების გამარტივების კუთხითაც განხორციელდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი