განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

ავტორი: თიკო ნოდია

ბათუმში, განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მამაკაცი – 1977 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ.ა.- ს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი