„ახლა არ გვაქვს იმის რესურსი, რომ რაღაც პოლიტიკური კომფორტისა და დისკომფორტის გამო მივიღოთ რბილი გადაწყვეტილებები” – დავით სერგეენკო

ავტორი: ნანა წულაია

“პარლამენტი, სადაც მხოლოდ ხელისუფლებაა და არ არის ოპოზიცია, ეფექტიანად ვერ იმუშავებს” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია კომპრომისზე წავა.

„პარლამენტი, თუკი მასში ოპოზიცია არ მოხვდება, არ იქნება ისეთი ძლიერი. არ არის ნორმალური, როდესაც პარლამენტში მხოლოდ ხელისუფლებაა და არ არის ოპოზიცია. ასეთი პარლამენტი ეფექტიანად ვერ მუშაობს. ეს რომ ბევრად უფრო მშვიდი პერიოდი იყოს, ვიდრე ახლა გვაქვს, ვფიქრობ, რომ მიდგომა იქნებოდა უფრო სხვანაირი. ახლა ჩვენ არ გვაქვს ამის რესურსი, რომ რაღაც პოლიტიკური კომფორტისა და დისკომფორტის გამო მივიღოთ რბილი გადაწყვეტილებები. პოზიციამ თავისი შეთავაზება გააკეთა, ოპოზიციამ თავისი პოზიცია გამოხატა და გვაქვს მოლაპარაკება მედიაციის საშუალებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა გაითავისებს იმას, რომ ჩვენ რეალურად ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ერთი წუთით რომ გადავდოთ პანდემია და ჩავთვალოთ, რომ არ არსებობს და ვნახოთ რა დაგვრჩება, დაგვრჩება ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური პერსპექტივა, არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. სწორედ ამას სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და არა მათთვის ხელის შეშლა, რაიმე სახით – იქნება ეს ბოიკოტი, „სირცხვილის დერეფანი“, თუ „უსირცხვილობის გვირაბი“, ეს არის მოცემულობა. მჯერა, რომ კომპრომისი მოინახება და ამ რწმენას მაძლევს ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან ძალიან ცალსახად აყალიბებენ თავის პოზიციას.

ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება და კომპრომისზე წასვლა ორივე მხარის მიმართ წაყენებული მოთხოვნაა და არა მხოლოდ ხელისუფლების. ამის დაჯერებას მაძლევს, რომ რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება მონახული, ის ფორმატი, რითაც ახლა მოლაპარაკებები მიდის და საერთაშორისო პარტნიორების ის დასკვნები, რომლებიც იქნა გასაჯაროებული“, – განაცხადა სერგეენკომ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი