“აშშ-ს ეს პატარა რადიკალური ჯგუფები ვერ შეცვლიან იმ სისტემას, რომელიც იქ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ხელისუფლების 20 იანვარს გადაბარებას ხელს ვერაფერი შეუშლის, რადიკალური ჯგუფების მიერ რა მცდელობაც არ უნდა იყოს. აშშ-ს ეს პატარა რადიკალური ჯგუფები, ძირითადად, მარგინალიზებული ჯგუფები არიან, ვერ შეცვლიან იმ სისტემას, რომელიც იქ არსებობს” – ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, ზურაბ ბატიაშვილმა აშშ-ში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით,  კაპიტოლიუმში შეჭრა არ გამოხატავს ამერიკელი ხალხის უმრავლესობის ნებას და შესაბამისად, ვერ იქნება აღქმული, როგორც საზოგადოებრივი პროტესტი. ამასთან ბატიაშვილი იმედოვნებს, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ მსოფლიო “უფრო ძლიერ” ამერიკას იხილავს.

„ეს არის სიტუაციის არევის უბადრუკი მცდელობა, მაგრამ აშშ-ს აქვს ძალიან ძლიერი ინსტიტუტები ჩამოყალიბებული, რომელსაც შესწევს უნარი, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურად შეინარჩუნოს და მოხდეს ხელისუფლების გადაბარება, ისე როგორც ეს შეერთებული შტატების კონსტიტუციით არის განსაზღვრული და რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების 20 იანვარს გადაბარებას. ამას ხელს ვერაფერი შეუშლის, რადიკალური ჯგუფების მიერ რა მცდელობაც არ უნდა იყოს. აშშ-ს ეს პატარა რადიკალური ჯგუფები, ძირითადად, მარგინალიზებული ჯგუფები არიან, ვერ შეცვლიან იმ სისტემას, რომელიც იქ არსებობს. ჯორჯ ბუშმა ბანანის რესპუბლიკასთან ამ მოვლენების შედარებით გამოხატა ამერიკის საზოგადოების დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ. თუ შევხედავთ რამდენია აშშ-ს მოსახლეობა და რამდენია საპროტესტო გამოსვლებზე მონაწილეთა რაოდენობა, ძალიან დიდი განსხვავებაა. ეს არ არის მასობრივი, ეს არ არის საერთო სახალხო მოძრაობა, ეს არის პატარა მარგინალიზებული ჯგუფები, რომელიც ცდილობენ სიტუაციის არევას. სამწუხაროა, რომ მსხვერპლიც არსებობს. მათი მცდელობა, რომ შეცვალონ და არიონ სიტუაცია, რელსებიდან გადაიყვანონ აშშ-ი, არ გამოუვათ. აშშ საზოგადოება არ არის მზად და არ ემხრობა ასეთი სახის მარგინალიზებულ ჯგუფებს, მათ გამოსვლებსა და საზოგადოების მხრიდან არ არის აღქმული როგორც პროტესტი. ამერიკა ისევ ამერიკა იქნება და მე იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ უფრო ძლიერი ამერიკა იქნება, დაბრუნდება ის ძველი ამერიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში იქნება დემოკრატიული საზოგადოებისა და თანამეგობრობის ლიდერი და რომელიც ყველას წაუძღვება დემოკრატიის გზაზე. მათ შორის, მის ნათქვამს მსოფლიოსთვის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარების თვალსაზრისით, ლეგიტიმურობა არ დაეკარგება” – აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი