“აქცენტების გადატანა ISFED-ის “შეცდომაზე” პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება” – ზურაბ ჯაფარიძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ხელისუფლების  მხრიდან აქცენტების გადატანა “სამართლიანი არჩევნების” შეცდომაზე და იმის თქმა, რომ არჩევნები იყო კარგი, პოლიტიკურ მიზანს ემსახურება” – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტვ-პირველის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, “სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლით არჩევნების გაყალბების მასშტაბი ვერ დადგინდება და ორგანიზაციის “მათემატიკურ შეცდომას” დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

“შეიძლება ISFED-მა მართლაც დაუშვა მათემატიკური შეცდომა დათვლის დროს, მაგრამ საუბარი არის ოქმების პარალელურ დათვლაზე, რომელიც ვერ ადგენს დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილს, შესაბამისად ვერ დადგინდება გაყალბების მასშტაბი. დაშინების, მოსყიდვის, კარუსელების და ბიულეტენების ჩაყრის ფაქტებს პარალელური დათვლა ვერ ადგენს” – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, “გირჩის” ლიდერი ფიქრობს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ვადამდელი არჩვენებით და ხელისუფლების ცვლილებით არის შესაძლებელი.

“კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილებაა. ივანიშვილმა უნდა დათმოს ძალაუფლება, რომ ადამიანებში გაჩნდეს იმედი, რომ ქვეყანა ჭაობიდან შეიძლება ამოვიდეს. სხვა შემთხვევაში, ნიჰილიზმი და უიმედობა სხვა რამეში ტრანსფორმირდება და კი, შესაძლოა ტრანსფორმირდეს რევოლუციაში, ცხადია ძალადობაზე არაა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ხელისუფება შეცვალოს ხალხმა. ამისთვის ძალიან ბევრი მშვიდობიანი, ცივილიზებული გზა არსებობს. მაგალითად ვადამდელი არჩევნების დანიშვნით ან ბევრი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და აიძულოს ხელისუფლებას, რომ დათმონ”- განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჯაფარიძემ არ იცის როდის ჩაინიშნება მომდევნო რაუნდი, თუმცა მისივე თქმით, ფასილიტატორების დახმარებით ხელისუფლებასთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.

“მოლაპარაკებები არ შეიძლება წარმოვიდგინოთ მარტო იმ კონტექსტში, რომ შედეგად აუცილებლად უნდა დაიდოს ვადამდელი არჩევნები და მეორე მხრივ, შეწყდეს ბოიკოტი. მოლაპარაკების მაგიდაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე არის საუბარი და თუ რაღაცები რეალურად განხრციელდება, უკვე წინ  გადადგმული ნაბიჯი იქნება” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი