“არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული,რომ ინიშნება ახალი არჩევნები”– ირმა ინაშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე. ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი გარანტიებით, რომ ინიშნება ახალი არჩევნები” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ფასილიტატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ყურადღება მოლაპარაკებების მესამე რაუნდზეა გადატანილი და ახალი არჩევნების დანიშვნა კვლავ რჩება მთავარ მოთხოვნად.

„მე უაღრესად ვაფასებ ჩვენი პარტნიორების ჩართულობას ამ პროცესში, ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ისინი, თუმცა, რა თქმა უნდა, ის რეალობა უკეთესია, როდესაც პოლიტიკური ძალები დამოუკიდებლად წყვეტენ საკითხს, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ქვეყნის სხვადასხვა შიდა პრობლემებთან, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ჯერ კიდევ ვსაჭიროებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობასა და თანამონაწილეობას. მე დეტალებზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან კონფიდენციალურია ეს დეტალები. მიმდინარეობს ახლა ძალიან რთული პროცესი, ჩვენ ვემზადებით მესამე რაუნდისთვის და ყველა სიტყვა არის მოსაზომი. ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ახალი არჩევნები. წითელი ხაზები უნდა წაიშალოს და დისკუსიისა და დიალოგის შედეგი ზუსტად ის არის, რომ წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებანდე” – განაცხადა ინაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი